„ძალიან სამწუხაროა, მაგრამ სავარაუდოდ, შესაფერისი დამთხვევაა, რომ საქართველოში არსებულ ვითარებას იმავე საღამოს განვიხილავთ, როგორც ბელარუსის. ვინ იფიქრებდა, რომ საქართველო – ერთ დროს დემოკრატიის მედროშე არა მხოლოდ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში – ლუკაშენკოს სტილის ავტოკრატიად იქცეოდა? რომ დღეს ვილაპარაკებდით არა მხოლოდ ბელარუსებსა და ლუკაშენკოს პატიმრებზე, არამედ საქართველოსა და ბიძინა ივანიშვილის პატიმრებზე?..
ევროპარლამენტის წევრებისა და ევროკავშირის ელჩების წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმებმა მხოლოდ გააძლიერა ჩვენი საერთო პოზიცია. გვესმის, რომ ეს განცხადებები არ ასახავს ქართველი ხალხის ხედვებს. ვხედავთ მათ ბრძოლას და ვაღიარებთ მათ ცხად სურვილს, გააგრძელონ სვლა ევროკავშირის წევრობისკენ.
საქართველოს უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაზე სრული პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და მის პარტიაზეა. უვიზო მოგზაურობა დემოკრატიულ ქვეყნებს ეძლევა და არა რეჟიმებს, რომლებიც მოქალაქეებს პოლიტიკური მიზეზებით აპატიმრებენ,”-ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას განაცხადა.