ინტერვიუ ენდოკრინოლოგ სოფიკო სახვაძესთან

თემა: ინსულინრეზისტენტობა და შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2

ინსულინრეზისტენტობა უკვე საკმაოდ გავრცელებულ პრობლემად იქცა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ხშირ შემთხვევაში ადამიანები სიმპტომებს სტრესს, მღელვარებას ან არასაკმარის ძილს აბრალებენ, თუმცა ენდოკრინოლოგები გვაფრთხილებენ — პრობლემა შეიძლება ბევრად ღრმა იყოს. ამ საკითხზე რადიო ”მესტროს” ეთერში – გადაცემაში ‘‘მაესტროს ანატომია”  ენდოკრინოლოგმა სოფიკო სახვაძემ ისაუბრა.

– ქალბატონო სოფიკო რას ნიშნავს ინსულინრეზისტენტობა და რატომ ვითარდება ეს მდგომარეობა?
ინსულინრეზისტენტობა არის მდგომარეობა, როდესაც გლუკოზის მეტაბოლიზმში ჩართული უჯრედები ვეღარ რეაგირებენ სათანადოდ ინსულინზე. შედეგად ორგანიზმში ქრება ინსულინის ნორმალური მოქმედება და ვითარდება ჰიპერინსულინემია. ამ დროს ადამიანი ხშირად განიცდის მუდმივ შიმშილს, აქვს გაძლიერებული მადა, იგრძნობა დაღლილობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, ზოგჯერ – თმის ცვენა. ყველაზე თვალსაჩინოა წონაში მატება და ცხიმის დაგროვება მუცლის მიდამოში.

–  რატომ გახდა ეს პრობლემა ასეთი გავრცელებული 21-ე საუკუნეში?
დღეს ადამიანების ყოველდღიურობა ძალიან გადატვირთულია. სტრესის დონე გაიზარდა, ფიზიკური აქტივობა შემცირდა, ხოლო სწრაფი კვება ყოველდღიური რეალობა გახდა. ბევრს უბრალოდ არ აქვს დრო, რომ კომფორტულად მოამზადოს საკვები. ახალგაზრდებს ხშირად ორ–სამ ადგილას უწევთ მუშაობა, რაც დამატებით სტრესს აჩენს. ამიტომაც, დიახ – ინსულინრეზისტენტობა აშკარად გახშირდა, თუმცა ამის პარალელურად გაიზარდა ინფორმირებულობაც. უფრო ხშირად ტარდება კვლევები და სკრინინგი, ამიტომ დარღვევები უფრო სწრაფად ვლინდება.

– ტკბილეულის მოთხოვნას ხშირად სტრესს აბრალებენ. რეალურად რასთან გვაქვს საქმე?
მართალია, ტკბილეულისკენ ლტოლვაში დიდი როლი აქვს კორტიზოლს – სტრესის ჰორმონს. როდესაც ადამიანი სტრესშია, გლუკოზისა და ენერგიის მოთხოვნა იზრდება. ასეთ დროს ორგანიზმი ითხოვს „კომფორტულ“ საკვებს – ტკბილს, სწრაფ ნახშირწყლებს, რომლებსაც ენერგიის სწრაფად მიწოდება შეუძლიათ. ამას ემატება დოფამინიც, რომელიც სიამოვნების შეგრძნებას ქმნის. ზოგჯერ ეს ხდება თვითშემწყნარებელი ქცევა სტრესთან გასამკლავებლად.

თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მსგავს ჩივილებზე მხოლოდ სტრესს ნუ დავაბრალებთ. აუცილებელია გამორიცხდეს ორგანული, მეტაბოლური დარღვევები – რომლებიც შესაძლოა სტრესთან საერთოდ არ იყოს დაკავშირებული.

– როგორი კვება და ცხოვრების რეჟიმი არის საჭირო ინსულინრეზისტენტობის დროს?
ჯანსაღი რეჟიმი ძალზე მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, უნდა შევზღუდოთ ცომეული, სწრაფი შაქრები, გლუკოზის მაღალშემცველი პროდუქტები, ტრანსცხიმებით სავსე კომფორტული საკვები – მაგალითად ჩიფსები, ფასტფუდი. ასევე აუცილებელია ტკბილი და ენერგეტიკული გაზიანი სასმელების შემცირება.
დღის განმავლობაში კვების დარეგულირება, რეგულარული რეჟიმი, ბალანსირებული რაციონი – ეს არის საუკეთესო სტრატეგია.

– ხშირად ამბობენ, რომ ინსულინრეზისტენტობა დიაბეტისკენ მიმავალი გზაა. ასეა?
დიახ. ინსულინრეზისტენტობა არის შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების წინამორბედი. თუ დროულად არ მოხდა ჩარევა, ის ადრე თუ გვიან გადავა პრედიაბეტში და შემდეგ – ტიპი 2 დიაბეტში. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ადრეული დიაგნოსტიკა.

როდესაც ადამიანი მუდმივ შიმშილს განიცდის, მადა აქვს გაძლიერებული, ან გრძნობს დაღლილობას, შრომისუნარიანობის დაქვეითებას, აქვს თმის ცვენა, წონის მატება ან ცხიმის დაგროვება მუცლის არეში – ეს უკვე სიგნალია.
ორგანიზმი გვეუბნება, რომ რაღაც რიგზე არ არის. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.

– რას ურჩევდით ადამიანებს, ვისაც მსგავს ნიშნები აქვთ?
პირველ რიგში, არ უნდა იყოს თვითდიაგნოსტიკა. სიმპტომები შეიძლება უკავშირდებოდეს როგორც სტრესს, ასევე სერიოზულ მეტაბოლურ დარღვევებს. საუკეთესო გასაღები არის დროული გამოკვლევა, სწორი დიაგნოზი და საფუძვლიანი კონტროლი. რაც უფრო ადრე გამოვლენთ პრობლემას, მით მეტად არის შესაძლებელი მისი მართვა – კვებით, რეჟიმითა და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტებით.

ინტერვიუზე მუშაობდა თამთა კოპლატაძე.