თემა: სტრესი, შფოთვა და ცხოვრების წესი 21-ესაუკუნეში

 

21-ე საუკუნე სწრაფი ტემპით, უწყვეტი ინფორმაციული ხმაურით და მუდმივი ვალდებულებებით ცხოვრებას სრულიად ახალ ფსიქოლოგიურ გამოწვევებად აქცევს. ქრონიკული დაღლილობა, უძილობა, შფოთვა და ემოციური გამოფიტვა დღეს უკვე იმდენად გავრცელებულია, რომ თანამედროვე ყოფიერების ნაწილად იქცა. ტექნოლოგიები, სოციალური ქსელები, სტრესი და გრძელვადიანი დაძაბულობა ჩვენს ფსიქიკაზე ისახება ყოველდღე — ხშირად ისე, რომ ვერც კი ვაცნობიერებთ. სწორედ ამ ფონსა და თანამედროვე ადამიანის შინაგან საზღვრებზე ისაუბრა რადიო „მაესტროს“ ეთერში, გადაცემაში „მაესტროს ანატომია“ ექიმმა ფსიქიატრმა ხატია სულაბერიძემ.

 

− რას ნიშნავს სტრესი XXI საუკუნის ენერგიული ცხოვრების ფონზე?

სტრესი არის ორგანიზმის ბუნებრივი დაძაბულობა, როცა მოთხოვნები აღემატება იმ ენერგიასა დარესურსს, რომელიც იმ მომენტში გვაქვს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სტრესი მხოლოდ ცუდი ემოციების შედეგი არ არის. ზედმეტი სიხარულიც, ახალი გამოცდილებაც, დიდი ცვლილებაც შეიძლება გახდეს სტრესის წყარო. სტრესი უბრალოდ ნიშნავს, რომ ჩვენი ნერვული სისტემა უფრო ძლიერ სიგნალს იღებს, ვიდრე შეუძლია სწრაფად დაამუშაოს. ნორმალურ პირობებში ამ დაძაბულობას დრო, სიმშვიდე და მოსვენება აბალანსებს. მაგრამ XXI საუკუნეში ცხოვრება იმდენად აჩქარდა, რომ ეს ბუნებრივი „დასამუხტი პაუზები“ ხშირად საერთოდ არ გვაქვს. ტვინი მუდმივად იღებს ინფორმაციას, ტელეფონი არასდროს ჩერდება, სამუშაო და სოციალური ვალდებულებები იზრდება, და სხეული დღიდან დღემდე გვიგზავნის იმავე მესიჯს: „გადატვირთული ვარ“. ამ ყველაფრის გამო სტრესი დღეს ასე გავრცელებულია. ეს არ არის მხოლოდ ემოციური ფონი. ეს არის ჩვენი ეპოქის სწრაფი, დატვირთული და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარე ცხოვრების შედეგი.

აღსანიშნავია, რომ შფოთვა და დეპრესია ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 1 მილიარდ ადამიანი განიცდის ფსიქიკურ დარღვევებს, პანდემიამ კი ეს მაჩვენებელი კიდევ 25 %- ით გაზარდა. დღევანდელი რეალობა განსაკუთრებით გამოწვევებითაა სავსე: პანდემია, ომი და ეკონომიკური კრიზისი ადამიანების ფსიქიკურ მდგომარეობაზე ძლიერ გავლენას ახდენს. ამ მოვლენებმა ბევრ ადამიანს დაუკარგა სიმშვიდე, გაიზარდა შფოთვა და დეპრესია.

− რა როლს თამაშობს ტექნოლოგიები, სმარტფონი, სოციალური მედია?

ტექნოლოგიებმა ჩვენი ყოველდღიურობა საკმაოდ შეცვალა. სმარტფონი მუდმივად გვართმევს ყურადღებას − შეტყობინებები, ზარები, ახალი ინფორმაცია. ტვინი ვერ ასწრებს ამდენი ინფორმაციის გადამუშავებას სოციალური მედია კი ქმნის უწყვეტ ნაკადს ჩარევის, შედარებებისა და ემოციური რეაქციების. ადამიანი ხშირად უფრო მეტად აკვირდება სხვებს, ვიდრე საკუთარ თავს, რის შედეგადაც ქრება ბუნებრივი რიტმი და შინაგანი ბალანსი. როდესაც რეალურ ურთიერთობებსა და დასვენებას ნაკლები დრო რჩება, ეს ყველაფერი სტრესს კიდევ უფრო აძლიერებს. 

− რა ხდება ტვინში მაშინ, როცა ადამიანიშფოთავს?

როდესაც ადამიანი შფოთავს, ტვინში აქტიურდება„საფრთხის დეტექტორი“ ამიგდალა. ის აგზავნის სიგნალს, თითქოს რაღაც საშიშია, მიუხედავად იმისა, რეალური საფრთხე არსებობს თუ არა. ამ სიგნალსა აქტიურებს სხეულის სტრესული სისტემა: იზრდება ადრენალინი, კორტიზოლი, ჩქარდება სუნთქვა და გულისცემა. ამ დროს ტვინი ყურადღებას მხოლოდ შესაძლო საფრთხეზე კონცენტრირებს. ამავდროულად, ნელდება „გონების დამამშვიდებელი ცენტრის“ პრეფრონტალური ქერქის მუშაობაც, რომელიც გვეხმარება სიტუაციის რაციონალურად შეფასებაში. ამიგდალა „ზედმეტად ხმამაღლა ლაპარაკობს“, ხოლო პრეფრონტალური ქერქი „გაჩუმებულია“ და სწორედ ამ დისბალანსს ვგრძნობთ როგორც შფოთვას. 

− როგორ განვასხვაოთ სტრესი და შფოთვითი აშლილობა?

სტრესი არის ნორმალური, დროებითი რეაქცია კონკრეტულ სიტუაციაზე გამოცდა, კონფლიქტი, გადაღლა, დატვირთვა. სტრესი ჩნდება მიზეზით, და როცა ის მიზეზი გადადის, ორგანიზმი თანდათან ბრუნდება ბალანსში. 

შფოთვითი აშლილობა კი არის ხანგრძლივი და გამუდმებული მდგომარეობა, როცა:

  • შფოთვა არ უკავშირდება კონკრეტულ მოვლენას
  • მიზეზი უმნიშვნელოა, მაგრამ განცდა ძალიან ძლიერია
  • სიმპტომები გრძელდება კვირებით, თვეებით
  • ხელს უშლის ყოველდღიურ ფუნქციონირებას − ძილს, მუშაობას, ურთიერთობებს. მოკლედ: სტრესი რეაქციაა სიტუაციაზე, შფოთვითი აშლილობა კი მდგომარეობაა, რომელიც თავად ხდება პრობლემისწყარო.

− რა არის პანიკური შეტევა − როგორ იწყება და რას გავს?

პანიკური შეტევა არის თვალის დახამხამებაში განვითარებული ძლიერი შიშისა და საფრთხის განცდა, როცა ადამიანს ჰგონია, რომ რაღაც ძალიან ცუდი ხდება მიუხედავად იმისა, რეალური საფრთხე არ არსებობს. შეტევა იწყება უეცრად: ჩქარდება გულისცემა, სუნთქვა ხდება ზედაპირული, ჩნდება თავბრუსხვევა, სისუსტე, კანკალი, არარეალურის შეგრძნება, „ჰაერის უკმარისობა“. ხშირად ამას ერწყმის ძლიერი შინაგანი სიგნალი: „ეხლა რამე დამემართება“, რაც აღქმას კიდევ უფრო ამძაფრებს. პანიკური შეტევა ჰგავს სხეულის „საგანგებო განგაშის სისტემის“ გადაჭარბებულ აქტივაციას იქ, სადაც რეალური საფრთხე არც არის, მაგრამ ტვინი ასე აღიქვამს. 

− შესაძლებელია თუ არა, რომ ადამიანი ვერ ხვდებოდეს, რომ შფოთვა აქვს?

ხშირად შფოთვა სხეულებრივი სიმპტომებით ვლინდება და არა აშკარა “ნერვიულობით”. ადამიანი ამას სტრესს, გადაღლას ან ფიზიკურ პრობლემას აბრალებს და ვერ უკავშირებს შფოთვას. შეიძლება გამოვლინდეს:  გულის ფრიალი, ქოშინი, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, კანკალი, დაძაბული კუნთები, უძილობა, მუდმივი დაღლილობა, დაუკონკრეტებელი შიში ან მოუსვენრობა. შფოთვა ხშირად შენიღბულად, ფიზიკური ნიშნებით მოდის, და სწორედ ამიტომ ბევრს არც კი აქვს შეგრძნება, რომ შფოთვით ცხოვრობს. მოივლიან სხვადასხვა პროფესიის ექიმს და მერე, ბოლოს მოდიან ჩვენთან. 

− მოზრდილებში რა სიმპტომებით გამოიხატება, ბავშვებში რა ნიშნებით?

მოზრდილებში შფოთვა გამოიხატება: მუდმივი დაძაბულობით და უშედეგო ფიქრით, გულისფრიალით, ქოშინით, თავბრუსხვევით, კუნთების დაჭიმულობით, წელის/კისრის ტკივილით, უძილობითან ზედმეტი დაღლილობით, გაღიზიანებულობით, მოთმინების დაქვეითებით. ბავშვებში კი სიმპტომები უფრო ქცევითია და ხვდები, რომ შფოთავენ, როცა: ხშირად სტკივათ მუცელი ან თავი მიზეზის გარეშე, აღარ მიდიან ბაღში/სკოლაში, ეშინიათ, უჭირთ ძილი და ტოვებენ საწოლს, უფრო ჩუმები, დაძაბულები ან პირიქით აგრესიულები ხდებიან, იწყებენ ჩვევებს: ფრჩხილების კვნეტა, ტუჩების კვნეტა, თმის წვალება. უჭირთ კონცენტრაცია და მარტივად ტირიან, ეშინიათ ახალი სიტუაციების, ხალხის, შეცდომის დაშვების.

− რა სიმპტომები აქვს ქრონიკულად სტრესულ ორგანიზმს?

მუდმივმა სტრესმა ძალიან ხშირად შეიძლება გამოიწვიოს აგრესია, გაღიზიანება და მოუთმენლობა და ეს სრულიად ლოგიკური, ბიოლოგიურად ახსნადი რეაქციაა. აი როგორ ხდება:  ტვინი გადადის„საფრთხის რეჟიმში“ სტრესის დროს აქტიურდება ტვინის ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია საფრთხის აღქმაზე. როცა ის ზედმეტად აქტიურია, ადამიანი ყველაფერს აღიქვამს როგორც პოტენციურ შეტევას. 

− ოჯახური სტრესი და ბავშვები − როგორ მოქმედებს მშობლის ემოციური მდგომარეობა ოჯახზე?

ოჯახში მშობლის ემოციური მდგომარეობა არის„ემოციური ტემპერატურა“, რომელსაც ყველა წევრი გრძნობს, განსაკუთრებით ბავშვები. ბავშვი მშობლის ემოციებს სიტყვებზე ბევრად ადრე კითხულობს: მის ტონალობაში, ხმოვანებაში, მოძრაობებში და ყოველდღიურ ატმოსფეროში. ზრუნვა საკუთარ თავზე ნიშნავს ზრუნვას ოჯახზე და შვილებზე. ბავშვები სტრესს იღებენ არა მშობლის სიტყვებიდან, არამედ მშობლის მდგომარეობიდან. ამიტომ ყველაზე დიდი დაცვა, რაც ბავშვს შეგიძლიათ მისცეთ, არის თქვენი საკუთარი ემოციის მართვა. მშვიდი მშობელი უდრის მშვიდ ბავშვს.

− რატომ გვაქვს ზოგჯერ უხილავი დაღლილობა −თითქოს არაფერი გაგვიკეთებია?

იმისთვის, რომ დაიღალო, სხეულს ყოველთვის არ სჭირდება ფიზიკური შრომა. ზოგჯერ ტვინი მუშაობს„მუხლამდე წყალში სიარულის“ რეჟიმში − გარედან ჩუმია, მაგრამ შიგნით განუწყვეტელი ბრძოლა მიმდინარეობს. ვინაიდან ტვინი ყველაზე ენერგო მხარჯველი ორგანოა, მისი გადატვირთვა ხშირად უფრო მძიმეა, ვიდრე ფიზიკური შრომა. ფსიქიკური დატვირთვა ფიზიკურადაც გვაკლებს ენერგიას როცა:  ფიქრობ, ნერვიულობ, წყვეტ პრობლემებს, გეგმავ, თავს იდანაშაულებ ან ცდილობ ემოციების შეკავებას − ტვინი ხარჯავს უკიდურესად დიდ ენერგიას. ეს ფარული გადატვირთვა გარედან არ ჩანს. დილით დაღლილობა ყოველთვის ფიზიკური გადაღლა არაა. ყველაზე ხშირად ეს არის ტვინის გადღლილობა, სტრესისგან, შფოთვისგან და ღრმა ძილის ნაკლებობისგან. როცა ტვინი მთელი ღამე მუშაობდა დილას ვიღვიძებთ ისე, თითქოს არც გვიძინია.

− სოციალური მედია − იწვევს თუ არა დეპრესიას?

სოციალური მედია პირდაპირ დეპრესიას არ იწვევს მაგრამ შეიძლება იყოს ძლიერი გამომწვევი ფაქტორი, თუ ადამიანი უკვე მოწყვლადია ანუ აქვს სტრესი, დაბალი თვითშეფასება, შფოთვა, ან რთული ცხოვრების ეტაპი, მაშინ სოციალური მედიით გამოწვეული დეპრესიის განვითარების რისკი მაღალია. სოციალურ ქსელში ყველა აჩვენებს„საუკეთესოს“. ადამიანი, რომელიც თავის ყოველდღიურობას ხედავს რეალურად, სხვის„იდეალურ ცხოვრებას“ ადარებს. ხდება თვითშეფასების ვარდნა ჩნდება არასრულფასოვნების განცდა, იზრდება დეპრესიული ფიქრები როცა ადამიანი მუდმივად ამოწმებს შეტყობინებებს, ლაიქებს, კომენტარებს − ტვინი იღებს სწრაფ, მაგრამ მოკლე დოპამინის იმპულსებს. შემდეგ კი − დაცლას. ეს ცვლის განწყობის სტაბილურობას შეიძლება გამოიწვიოს აპათია, ემოციური გამოფიტვა სოციალური ქსელები თითქოს გვაკავშირებს, მაგრამ რეალობაში ხშირად გვაშორებს ადამიანებს. ნაკლები ცოცხალი ურთიერთობა ჩნდება, მეტი მარტოობა. მარტოობა − დეპრესიის ერთ-ერთი ძირითადი რისკ ფაქტორია. სოციალური მედია პირდაპირ დეპრესიას არ იწვევს, მაგრამ ქმნის პირობებს, სადაც დეპრესია უფრო მარტივად ჩნდება − სოციალური მედია ცუდი არ არის− ცუდია, როცა ის გვმართავს ჩვენ. 

− რატომ გვაშინებს მარტოობა, მაგრამ ასევე გვღლის ურთიერთობები?

მარტოობა გვაშინებს, რადგან იქ საკუთარ თავს ვხვდებით; ურთიერთობები გვღლის, რადგან იქ საკუთარ თავს ვკარგავთ. ბალანსი კი მაშინ ჩნდება, როცა მარტოობაც ჩვენი არჩევანია და ურთიერთობაც− საზღვრებით, მშვიდად და თავისუფლად. მაგრამ ამ ბალანსის დაჭერა ძალიან რთულია ადამიანი ბიოლოგიურად არის სოციალური არსება ჩვენ გვჭირდება კავშირი, პატივისცემა, სითბო, ვინმემ დაგვინახოს და გვიგრძნოს. როცა მარტო ვართ − ტვინი ამას საფრთხედ აღიქვამს. მარტოობა პირდაპირ კავშირშია – გადარჩენის შიშთან. მაგრამ ურთიერთობა ენერგიას მოითხოვს ყველა ურთიერთობა − მეგობრობა, ოჯახი, პროფესიულიკავშირები − ითხოვს: ემოციურ ძალას, საზღვრების დაცვას, გახსნილობას, ფიქრს, სიტყვას, შრომას პასუხისმგებლობას; ეს ყველაფერი როდესაც არაჯანსაღი და ზედმეტია – ჩვენი ენერგია ზედმეტად იხარჯება ამ ორ ძალას შორის ტვინი ვერ პოულობს ბალანსს ზომიერება აქ მთავარი სიტყვაა. როცა ადამიანი ზედმეტად უერთდება სხვას, საკუთარ სურვილებს, ინტერესებს, სიმშვიდეს კარგავს. როცა ზედმეტად შორდება − კავშირი იცლება, სიცარიელე ჩნდება. ამ ორ უკიდურესობას შორის არის ის ოქროს წერტილი, სადაც ურთიერთობა მშვიდია და ადამიანიც ძლიერი. ყველას გისურვებთ ამ ბალანსის დაცვას. 

 

იტერვიუზე მუშაობდა ჟურნალისტი თამთა კოპლატაძე.