საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ და მას „სიცრუეს“ და „ფეიკს“ უწოდებენ. საუბარია ბრალდებაზე, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებამ გასული წლის აქციების დაშლისას შეიძლება პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება „კამიტი“ გამოიყენეს.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, BBC-მ „აბსოლუტურად ტყუილი ინფორმაცია“ გაავრცელა. მისი განცხადებით, ბრიტანული მედია ეყრდნობა არასანდო წყაროებს და ავრცელებს სიცრუეს:
„ნივთიერება შეიძლება იყოს წყლის ჭავლში გარეული, მაგრამ რა ნივთიერებაა გარეული – ამაშია საქმე. BBC-მ იკადრა ტყუილი ზუსტად ამასთან დაკავშირებით – ნივთიერება ‘კამიტი’ საერთოდ არ ყოფილა გამოყენებული… არ შეიძლება BBC ხელმძღვანელობდეს იმავე სტანდარტებით, რომლითაც ხელმძღვანელობენ ‘ფეიკ ტელევიზიები’ საქართველოში.“
კობახიძის თქმით, BBC-ის მიერ გამოყენებული ერთ-ერთი წყარო ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილია, რაც მისთვის მიუთითებს დაბალ პროფესიულ სტანდარტებზე:
„ის ფაქტი, რომ ჩახუნაშვილის დასკვნას ეყრდნობა BBC, ეს უკვე მეტყველებს ამ ტელევიზიაში სტანდარტების დონეზე… მამა-შვილი ჩახუნაშვილები არიან რადიკალური აქციების გულმხურვალე მონაწილეები.“
შინაგან საქმეთა მინისტრი, გელა გელაძე ასევე აცხადებს, რომ „კამიტი“ არასოდეს შეუსყიდიათ და არც გამოიყენეს:
„აქციების დროს არანაირი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება არ ყოფილა შსს მხრიდან გამოყენებული… 2009 წელს იყო რამდენიმე ნივთიერება შესყიდული, თუმცა არა ‘კამიტი’.“
მინისტრის თქმით, BBC-ის ბრალდება „სრული აბსურდია“ და უწყება მზად არის გამოძიებას გადასცეს ყველა დოკუმენტაცია:
„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ შსს-ს ე.წ. კამიტი არასდროს შეუსყიდია… გავრცელებული ბრალდება არის სრული სიცრუე.“
პარლამენტის დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ საქმეზე დაწყებული გამოძიება დაადგენს, რა ნივთიერებები შეიძინა წარსულში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და რა მიზნით. მისი თქმით, ყოფილი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური აუცილებლად გამოიკითხება:
„რა თქმა უნდა, გომელაურიც გამოიკითხება და დადგინდება, დახვდა თუ არა მას ეს მარაგები, როდესაც მინისტრი გახდა… ამას გამოძიება დაადგენს.“
შარმანაშვილი მწვავედ აფასებს ექიმ კონსტანტინე ჩახუნაშვილის განცხადებებს:
„ჩახუნაშვილი არის კლასიკური ცრუპენტელა… პასუხისმგებლობა არ ასცდებათ არც აქაურ ცრუპენტელებს და არც BBC-ის ამ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის.“
BBC-მ თავის გამოძიებაში განაცხადა, რომ მტკიცებულებები მიუთითებს ქიმიური აგენტის შესაძლო გამოყენებაზე, ხოლო დემონსტრანტები უჩიოდნენ თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და სხვა სიმპტომებს. ხელისუფლება ამ ინფორმაციის სრულ უარყოფას აგრძელებს და აცხადებს, რომ დეტალურ განმარტებას შსს და ექსპერტიზა გააკეთებენ.