ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს რუსული ბუნებრივი გაზის იმპორტის სრულ შეწყვეტას 2027 წლისთვის. ინფორმაცია შეთანხმების შესახებ 3 დეკემბერს გამოქვეყნდა ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, დანიის ენერგეტიკის მინისტრის, ლარს ოგარდის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება „ევროპისთვის დიდი გამარჯვებაა“, რადგან ევროკავშირი აღარ უნდა იყოს დამოკიდებული რუსულ გაზზე და აკრძალვა “სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია“.
რა მოიცავს შეთანხმება
დოკუმენტი განსაზღვრავს რუსული გაზის იმპორტის ეტაპობრივ აკრძალვას სხვადასხვა ტიპის კონტრაქტებისთვის:
მოკლევადიანი კონტრაქტები (დადებული 2025 წლის 17 ივნისამდე)
-
გათხევადებული ბუნებრივი გაზი (LNG): აკრძალვა ამოქმედდება 2026 წლის 25 აპრილიდან
-
მილსადენური გაზი: აკრძალვა დაიწყება 2026 წლის 17 ივნისიდან
გრძელვადიანი კონტრაქტები
-
LNG-ის გრძელვადიანი კონტრაქტები: შეზღუდვები ძალაში შევა 2027 წლის 1 იანვრიდან
-
მილსადენური გაზი: იმპორტის საბოლოო შეწყვეტა იგეგმება 2027 წლის 30 სექტემბრიდან, იმ პირობით, რომ მარაგები მიზნობრივ დონეზე იქნება. საბოლოო ვადა — 2027 წლის 1 ნოემბერი.
ახალი წესების მიხედვით, რუსული გაზის ნებისმიერი იმპორტი მოითხოვს წინასწარ ავტორიზაციას: ინფორმაციის მიწოდება უნდა მოხდეს მიწოდებამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე. არსებული კონტრაქტების ცვლილება დასაშვებია მხოლოდ ტექნიკური მიზეზებით და არა მოცულობის გასაზრდელად. დარღვევებისთვის გათვალისწინებულია სანქციები როგორც კომპანიებისთვის, ისე ფიზიკური პირებისთვის.
რუსული გაზის აკრძალვის გეგმას საბჭომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა 2025 წლის 20 ოქტომბერს. მედიის ცნობით, წინააღმდეგ მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი იყვნენ.
შემდეგ ეტაპზე დაიწყო მოლაპარაკებები ევროპარლამენტთან, რის შედეგადაც მიღწეულია დროებითი შეთანხმება, რომელიც ორივე ინსტიტუციამ ოფიციალურად უნდა დაამტკიცოს.
რეგულაცია ევროკავშირის გეგმის ცენტრალური ელემენტია, რომელიც მიზნად ისახავს რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების დასრულებას მას შემდეგ, რაც მოსკოვმა გაზის მიწოდება გეოპოლიტიკურ ზეწოლად გამოიყენა და ევროპულ ენერგობაზარზე მძიმე ეფექტი მოახდინა.
რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, 2022 წლიდან ევროკავშირის პრიორიტეტად განისაზღვრა რუსულ გაზზე დამოკიდებულების სწრაფი შემცირება. მიუხედავად ამისა, ამ პროცესს პრაქტიკული სირთულეები ახლდა.
2022 წელს ევროკავშირში იმპორტირებული გაზის 45% რუსეთიდან მოდიოდა,
2025 წლის ოქტომბერში კი ეს მაჩვენებელი უკვე 12%-მდე იყო შემცირებული.
ახალი რეგულაციის თანახმად, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა წარადგინონ ენერგეტიკული მომარაგების დივერსიფიკაციის ეროვნული გეგმები. იგივე მოთხოვნა ვრცელდება იმ ქვეყანებზე, რომლებიც კვლავ აგრძელებენ რუსული ნავთობის იმპორტს.