ირანში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური კრიზისი კვლავ მწვავეა. მოქალაქეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებების მიუხედავად, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. არსებული ცნობებით, დემონსტრაციების ჩასახშობად ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი იყენებს საბრძოლო იარაღსა და ლეტალურ ტყვიებს. მედია წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაღუპულთა რაოდენობამ შესაძლოა 12 000-ს გადააჭარბოს. ამასთან, დაკავებულია 18 000-ზე მეტი მოქალაქე, მათ შორის არასრულწლოვნები. რიგ შემთხვევებში გამოტანილია სასიკვდილო განაჩენები, რომელთა აღსრულებაც, საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, უახლოეს საათებში იგეგმება.

დაშავებულთა მაღალი რაოდენობის გამო, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის ზღვარზეა. ვრცელდება ცნობები, რომ უსაფრთხოების ძალები სამედიცინო დაწესებულებებში შეჭრით ახორციელებენ დაშავებული მოქალაქეების დაკავებასა და ლიკვიდაციას. ასევე, გადატვირთულია ქვეყნის პროზექტურები, რაც არსებული ჰუმანიტარული ვითარების სიმძიმეზე მიუთითებს.

შიდა რეპრესიების ფონზე, ირანთან დიპლომატიური მოლაპარაკებების პროცესი შეაჩერა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯაროდ მოუწოდა მომიტინგეებს სამთავრობო შენობების დაკავებისკენ და მათ მხარდაჭერა გამოუცხადა. მისი განცხადებით, ირანის წინააღმდეგ იგეგმება მკაცრი ზომების მიღება. ამ კონტექსტში, თეთრ სახლში გაიმართა შეხვედრა ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან, სადაც განიხილება ამერიკის შესაძლო პოლიტიკური და სამხედრო ნაბიჯები.

ირანის ხელისუფლება აღნიშნულ განცხადებებს საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებს. გაეროში ირანის ისლამური რესპუბლიკის მუდმივმა წარმომადგენელმა გენერალურ მდივანს, უშიშროების საბჭოსა და ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებებზე რეაგირებისკენ მოუწოდა. ირანის პოზიციით, ეს განცხადებები ძალის გამოყენების მუქარას წარმოადგენს და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად უნდა ჩაითვალოს.

ამავე დროს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ აღნიშნა, რომ ქვეყანა ღიაა სამართლიანი და თანასწორი მოლაპარაკებებისთვის, თუმცა პარალელურად სრულ მზადყოფნას აცხადებს სამხედრო კონფლიქტის შესაძლო განვითარების შემთხვევაში.