მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების მე-19 დღე ირანში-ქვეყანა ისევ სრულ იზოლაციაში რჩება, ლოკალურად მუშაობს ილონ მასკის “სტარლინკი”, თუმცა ყველა მოქალაქეს მასზე წვდომა არ აქვს. დახურულია თეირანის საჰაერო სივრცე. გარდაცვლილ დემონსტრანტთა რაოდენობა, ბოლო ცნობებით, 12 000-ს აჭარბებს, თუმცა გარკვეული წყაროები ამტკიცებენ, რომ მოკლულია ათობით ათასი. დაღუპულებს შორის არიან ბავშვები, მოხუცები,ქალები და პოლიციელები.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი,აბას არაღჩი უარყოფს,რომ საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა. მისი თქმით, ირანს ანტისამთავრობო აქციებთან დაკავშირებით დემონსტრანტების ჩამოხრჩობის გეგმები არ აქვს.  „ჩამოხრჩობის გეგმა არ არსებობს. ჩამოხრჩობის საკითხი არ დგას“, – აღნიშნა არაღჩიმ Fox News-სთან ინტერვიუში.

ამასთან,ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა,რომ მკვლელობები „ისრაელის შეთქმულების“ გამო მოხდა, რომელიც დიდი რაოდენობით მსხვერპლის გამოწვევას ისახავდა მიზნად.

„როდესაც გარედან ტერორისტული ელემენტები შემოვიდნენ ამ საპროტესტო აქციებში, დაიწყეს პოლიციის ძალების, პოლიციის თანამშრომლებისა და უსაფრთხოების ძალების მიმართულებით სროლა. იქ იყვნენ ტერორისტული უჯრედები. ისინი შემოვიდნენ და გამოიყენეს „დაეშის“ სტილის ტერორისტული ოპერაციები. მათ პოლიციელები დაიჭირეს, ცოცხლად დაწვეს, თავები მოჰკვეთეს და დაიწყეს სროლა პოლიციელებისა და ასევე ხალხის წინააღმდეგ. შედეგად, სამი დღის განმავლობაში ჩვენ ფაქტობრივად ტერორისტების წინააღმდეგ ვიბრძოდით და არა მომიტინგეების წინააღმდეგ.მათ სურდათ მსხვერპლის რაოდენობის გაზრდა. რატომ? იმიტომ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ თუ მკვლელობები მოხდება, ის ჩაერევა. მათ სურდათ მისი ამ კონფლიქტში ჩათრევა. ეს ზუსტად ისრაელის შეთქმულება იყო. მათ სიკვდილიანობის რაოდენობის გაზრდა დაიწყეს ჩვეულებრივი ადამიანების, პოლიციელების მკვლელობით, სხვადასხვა ქალაქში ერთგვარი ბრძოლის დაწყებით.ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ სიტუაციას. იმედი ვიქონიოთ, რომ სიბრძნე გაიმარჯვებს. ჩვენ არ ვცდილობთ დაძაბულობის მაღალ დონეს, რაც შეიძლება ყველასთვის კატასტროფული იყოს,”-განაცხადა აბას არაღჩიმ.

თეთრ სახლში,აშშ-ის პრეზიდენტმა,დონალდ ტრამპმა მედიასთან ირანთან დაკავშირებით ისაუბრა.

,,გვითხრეს, რომ ირანში მკვლელობები წყდება, შეწყდა და სიკვდილით დასჯისთვის ან სიკვდილით დასჯებისთვის გეგმები არ არის. კარგმა წყარომ მითხრა ეს, ამას დავადგენთ. დარწმუნებული ვარ, ეს თუ მოხდება ძალიან იმედგაცრუებულები ვიქნებით, მათ შორის თქვენც ძალიან იმედგაცრუებულები იქნებით. მაგრამ ამ წამს მომივიდა ეს ინფორმაცია, რომ მკვლელობები შეწყდა, რომ სიკვდილით დასჯები შეწყდა და სიკვდილით დასჯა არ ექნებათ, რაზეც ბევრი ადამიანი ლაპარაკობდა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რომ დღეს სიკვდილით დასჯის დღე უნდა ყოფილიყო,” – განაცხადა ტრამპმა.

  შეგახსენებთ, ირანში აქციები 28 დეკემბერს დაიწყო,  თავდაპირველად თეირანის ქუჩებში   მოსახლეობა ეკონომიკურ პრობლემებსა და ეროვნული ვალუტის მკვეთრ გაუფასურებას აპროტესტებდა,   მალევე მათ სტუდენტებიც შეუერთდნენ და პროტესტმა მასშტაბური სახე მიიღო.