თბილისის საქალაქო სასამართლოში, ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულ ევა შაშიაშვილის, გიორგი ჩახუნაშვილისა და კიდევ 13 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის მოწმეებს დაკითხავენ, კერძოდ კი, ჰაბიდოსკოპიურ ექსპერტებს. ასევე, გამოიკვლევენ ვიდეომტკიცებულებებს.
დავით ღურწკაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა: ,,ჩემს კამერაში ბევრი ბაღლინჯოა, სისხლის მწოველები, ყურადღებას კაციშვილი არ გვაქცევს.” აღნიშნულის საპასუხოდ მოსამართლე გიორგი გელაშვილმა განაცხადა, რომ ამის „ადრესატი სასამართლო არ არის და თუკი, რამე კანონსაწინააღმდეგო ხდებოდა, პენიტენციური დაწესებულებისთვის მიემართა“.„დროის კარგვაა… სასამართლოში ეს რომ ვარჩიოთ, ისიც არ ვიცი სიმართლეა თუ არა”,- განაცხადა გელაშვილმა და დასძინა, რომ ადვოკატებს შეუძლიათ პენიტენციურ დაწესებულებასთან აწარმოონ კომუნიკაცია.
„როდესაც შევხედე, გავაანალიზე, რაში იყო საქმე, ჩახერგილი ღობეებიდან დაწყებული, გადამცემებით დამთავრებული, დავასკვენი, რომ უდანაშაულო ხალხის დანაშაულებრივ ქმედებაში მიზანმიმართულად ჩართვა უნდოდათ. ხალხს მოვუწოდებდი პროვოკაციულ ქმედებაში არ მიეღოთ მონაწილეობა. მოვუწოდებდი, შიგნით [სასახლის ეზო] არ შესულიყვნენ, შემდეგ შევდივარ შიგნით და გდდ-ს ხელმძღვანელს ვესაუბრები, კარგი ადამიანი იყო, შემდეგ გამოვდივარ, ხალხს ვთხოვდი გამოსულიყო, რომ პროვოკაციაში მონაწილეობა არ მიეღოთ. ბატონი მოსამართლე, სხვის სახლს ცეცხლი რომ ეკიდოს, შევიდე და ლიკვიდაცია მოვახდინო, ამის გამო უნდა დავისაჯო? ხომ არსებობს ჰუმანიზმი, ქრისტიანობა? 21 საუკუნეში ამ ქრისტიანობას ვკარგავთ… თქვენ [მოსამართლეს] შეგიძლიათ ეს გააკეთოთ, ეს ხალხი გაათავისუფლოთ,”-ამის შესახე კი 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა ზაქრო ალბუთაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ბრალდებულმა კახაბერ მჟავანაძემ ყველა ბრალდებულის სახელით განცხადება წაიკითხა, რომლის მიხედვითაც, ისინი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვენ.
„ვერ მოვისმინეთ და ვერ ვნახეთ დანაშაული, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. ვითხოვთ, სასამართლოს წინაშე წარდგეს ე.წ. პრემიერ – მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელმაც თქვა, რომ იქ სიურპრიზები დახვდათო. 3 კაცი ვერ წააქცევდა ღობეს, მოვითხოვთ, დაიკითხოს კობახიძე და დაასაბუთოს რა სიურპრიზი დაგვხვდა იქ, სხვა შემთხვევაში არ ვაპირებთ ამ მასკარადში მონაწილეობას. ე.წ. მეხუთე ჯგუფი ვართ ჩვენ და მოვუწოდებთ შემოგვიერთდნენ დანარჩენი ოთხი ჯგუფიც. ჩვენ მომდევნო ორი სხდომა არ დავესწრებით პროცესს, არ ვაპირებთ ამის მოსმენას”,- განაცხადა მჟავანაძემ.
ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღურწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ია დარახველიძე, გიორგი ჩახუნაშვილი და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებული.