,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მას ციხესთან ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ.

„ძალიან შემართებით ვართ, ოპტიმისტურად განწყობილი. ემოცია, რა თქმა უნდა, მაქვს. ამდენი ადამიანი, გულშემატკივარია. მინდა მივესალმო საქართველოს. დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ სამართლიან ქვეყანაში. ქვეყანაში, რომელიც წინ მიდის, არის განვითარებულ ქვეყნებს შორის, არის ევროკავშირის ღირსეული წევრი, წარმოდგენილია საერთაშორისო ასპარეზზე. ბედნიერად ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში. მინდა, რომ საპატიმროში არავინ არასდროს აღარ იყოს. ისეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც ადამიანებს არ დაიჭერენ იმისთვის, რომ უბრალოდ განსხვავებული აზრი აქვს. სიმართლე გითხრათ, 7 თვე რთული იყო. განსაკუთრებით, როცა ოჯახს, შვილებს, მეუღლეს შორდები, თქვენ ყველას. მაგრამ რწმენა იმის, რომ გავიმარჯვებთ, იმდენად ძლიერი და დიდია, რომ არცერთი დღე ნამდვილად არ გამჭირვებია.

მინდა მადლობით დავიწყო – დიდი მადლობა ყველას ვისგანაც ბევრ წერილს ვიღებდი. მადლობა ყველას, რომ გახსოვდით. მადლობა განსაკუთრებით ემიგრანტებს, უცხოეთიდანაც ბევრ წერილს ვიღებდი. იმედი მაქვს, რომ ყველას გიპასუხეთ. მინდა საოცარი პატივისცემა გამოვხატო სინდისის პატიმრების, რეჟიმის ყველა პატიმრის მიმართ. ის საოცარი სიმტკიცე, თავისუფლება, რომელსაც ციხიდან ასხივებენ გვაძლიერებს ყველას. დიდი მადლობა მათ მშობლებს, დედებს, საოცარი ბრძოლის ჟინი მოდის. ყოველდღე რომ ჩართავ ტელევიზორს, ციხეში მყარად ხარ და ძლიერად ხარ. რუსთაველის პროტესტის ყველა მონაწილეს, ყველა აქტიურ ადამიანს, ყველა მებრძოლ პატრიოტს. ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამშობლო და გვინდა, რომ ნორმალურად ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში, ვიყოთ ძლიერები, ძლიერთა შორის. ვიყოთ განვითარების ავანგარდში.

[საპატიმროში ყოფნისას] რთული ბევრი რამ იყო, მაგრამ, პირველ რიგში, ქეთი [მეუღლე] მენატრებოდა ყველაზე მეტად, ბავშვები, ყველა აბსოლუტურად, მაგრამ მყარად ვიყავი. მიყვარს ხალხთან ურთიერთობა, ჩემი დღე არის დილიდან საღამომდე ბევრ ადამიანთან ურთიერთობა, ხალხთან შეხვედრა და უცებ წარმოიდგინეთ, რომ მარტო ხარ, ერთ ოთახში გამოკეტილი. დღის განმავლობაში ერთი საათი მქონდა როცა აუცილებლად ვვარჯიშობდი, რომ ფორმაში ვყოფილიყავი. მერე წიგნები. წაიკითხავ წიგნს, კითხულობ წიგნს და უცებ რაღაც მომენტში მიხვდები, რომ ფიქრები გაგექცა. 30 გვერდი წაიკითხე და უკან უნდა დაბრუნდე, რომ ხელახლა წაიკითხო, იმიტომ, რომ ვერ მიადევნე თვალი,”-ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ საპატიმროს დატოვების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

ამასთან,მან ოპოზიციის ერთიანობის გეგმაზე ისაუბრა.

„ბოლო პერიოდში სულ ერთიანობაზეა საუბარი, მიზანი საერთო გვაქვს, გვინდა თავისუფლება, სამართლიან გარემოში ვიცხოვროთ, განვითარების გზას დავადგეთ, ევროკავშირის წევრი გავხდეთ, გვინდა ადამიანებს არ იჭერდნენ, უბრალოდ იმიტომ რომ არ მოსწონთ; გვინდა, წინ წავიდეთ, გვინდა ჩვენი ქვეყნით ვიამაყოთ, დავოსში გვინდა ვიყო წარმოდგენილები, სადაც განვითარებული ქვეყნების ჯგუფია. როდესაც მიზანი ამხელა და ერთიანია, ჩვენ რა გვჭირდება? მეტი ორგანიზება, მეტი სისტემურობა, მეტი შეკავშირება, ამიტომ გვინდა ერთიანობა. სათავეში ხალხი უდგას. ზურას და ჩემი მოსაზრებები დიდი ხანია ერთმანეთს ემთხვევა, კარგია რომ გზა გაკაფა სანამ მე გამოვედი. ვიცი, რომ ბევრ ადამიანს შეხვდა, მეც ვაპირებ პირველ რიგში ზურას დაველაპარაკო და სხვებს. პარტიების გაერთიანება ერთია, შემდეგ საზოგადოებრივი ჯგუფები, ახალი საინტერესო კვალიფიციური პროფესიონალები, რომელიც ჩანს. ჩემს მოვალეობად მივიჩნევ მათ შორის ამ ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა წინ წავიდნენ, მეტი გააკეთონ, სიხალასე, სიახლე შემოიტანონ ამ პროცესში. ყველას უნდა დაველაპარაკოთ, მე პარტიული ნიშნით ვერავის განვასხვავებ, ერთიანი ძალებით უნდა გავიმარჯვოთ,”-განაცხადა ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა.

შეგახსენებთ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე 2025 წლის 24 ივნისს დამნაშავედ ცნო.მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, გიორგი ვაშაძეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.