მთავრობის ადმინისტრაციაში, სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში პრემიერ-მინისტრ,ირაკლი კობახიძესა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რათა უშუალოდ სექტორისგან მიიღოს ინფორმაცია, სად ხედავენ ისინი პრობლემებს და რესურსს ფასების შემცირებისთვის.
,,პირველადი კვლევა აჩვენებს, რომ საკმაოდ მაღალი ფასნამატი წარმოიქმნება უშუალოდ საქართველოს საზღვრიდან თარომდე და საშუალო ფასნამატი შეადგენს 86%, რაც ჩვენი აზრით, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ დავინტერესდით – მე პირადად ვნახე მაგალითად, გერმანიაში საბითუმოდან თარომდე ფასნამატი შეადგენს 20-დან 30%-მდე ანუ ეს არის სტანდარტული ფასნამატი. ამ პირობებში 86% საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად გამოიყურება. ამ 86%-ის ერთი წილი მოდის დისტრიბუციაზე – 44%-ია წილი და შედარებით მცირეა წილი ქსელური მარკეტების შემთხვევაში. ჯამში არის 86%, რაც განაპირობებს იმას, რომ საქართველოში ევროპულ ფასებთან შედარებით არის ბევრად უფრო მაღალი ფასები. ზოგიერთ შემთხვევაში არის 50%-ით მაღალი ფასი, არის ორჯერ-სამჯერ მეტი ფასი, ანუ საკმაოდ დიდია სხვაობა ფასებს შორის. როდესაც ბიზნესი თავისი შეხედულებისამებრ მოქმედებს, ბუნებრივია, ამას თავისი ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს, თუმცა აქ შემოდის სოციალური ფაქტორი, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დაბალანსდეს ეს ინტერესები და ყველამ ერთად გვინდა, რომ ვიზრუნოთ მოსახლეობის ინტერესებზე და მაქსიმალურად შევეცადოთ, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი, ვიზრუნოთ ფასების დაწევაზე,”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელის,ლაშა რიჟამაძის თქმით, საკითხის რეგულირება პრობლემას ვერ გადაჭრის, თუმცა დადებით როლს ითამაშებს.
„ასოციაციამ და წევრმა სექტორის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მიაწოდეს ინფორმაცია იმ პრობლემატური საკითხების შესახებ, განსაკუთრებით, რაც არსებობს საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტებთან ურთიერთობის ფარგლებში. მათ შორის, დაისვა კითხვები „რითეილის“ პოზიციებიდან გამომდინარე, რომელიც წინა შეხვედრაზე დაგროვდა, როდესაც სამთავრობო კომისია შეხვდა „რითეილ“ სექტორის წარმომადგენლებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მივაწოდეთ ინფორმაცია და სექტორის პოზიციები. ადგილობრივი მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანია, ჩვენდა სამწუხაროდ, ვერ კარნახობს პირობას ბაზარზე. არც სადისტრიბუციო კომპანია და არც ადგილობრივი მწარმოებელი არ არის მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე და არის შემსყიდველი. მათ შორის, ვისაუბრეთ საერთაშორისო პრაქტიკაზე. მსგავსი ტიპის ურთიერთობებში, ყველა განვითარებულ ქვეყანაში არსებობს ეს კანონმდებლობა და ამ კუთხით რეგულირება, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს არსებითად იმ საკითხებს ვერ გადაჭრის, რაც შეიძლება ფასებზე კიდევ დამატებით ზეგავლენას ახდენდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, დადებით როლს ითამაშებს. უბრალოდ, ეს პროცესი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა წარიმართოს იმ ფორმით, რომ რეალურად არ დაზიანდეს არცერთი მხარე და საბოლოოდ მომხმარებელი. საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ის რაც არის მოქცეული ჩარჩოში, პირობითად არის დაწესებული ე.წ. ქეშბექის ზედა ზღვარი, ახალი მაღაზიის გახსნის საფასურის გადასახადი, თაროზე მოხვედრის გადასახადი თუ ა.შ. აქ გარკვეული ტიპის რეგულირება მწარმოებელსაც და დისტრიბუტორსაც შესაძლებლობას მისცემს პროპორციულად დაადგინოს ზღვარი, ან აიკრძალოს. ამას დადებითი ზეგავლენა ექნება ფასზე. ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ მწარმოებლები, ევროპა თვითონ არის მწარმოებელი, მათ შორის, ევროპის ქვეყნების ბაზრები მნიშვნელოვნად დიდია და ერთი და იგივე ფასი ვერ იქნება შეთავაზებული მწარმოებლის მიერ 3 მილიონიანი და 60-70 მილიონიანი ქვეყნისთვის. აქ უკვე ფასთა შორის სხვაობა, რა თქმა უნდა, დიდი იქნება. რაც შეეხება იმას, რომ მაგ დონემდე რაიმე ტიპის ცვლილება მოხდეს, ეს ფიზიკურად და ტექნიკურადაც კი შეუძლებელი აღმოჩნდება, იმიტომ, რომ საბაჟომდე ტრანსპორტირების გარდა, დამატებით კიდევ დიდი ხარჯები არსებობს, რომელიც დიდ ზეგავლენას ახდენს. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ეს რეგულირება არა ფასს, არამედ ურთიერთობას ეხება და აწესებს კონკრეტულ ზღვრებს და ჩარჩოებს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია, რომ ადგილობრივმა მწარმოებელმა და სადისტრიბუციო კომპანიამ ფასი დაწიოს. ის იხდის ამას იმისთვის, რომ ქსელში იყოს მისი პროდუქცია განთავსებული,”-აღნიშნა რიჟამაძემ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა შპს ,,მზიურის” დამფუძნებელმა,აკაკი ახვლედიანმა.
„ეს [ფასები] არ არის მარტო ერთი მხარის პრობლემა, რომელიც უნდა დარეგულირდეს კანონმდებლობით, ფასების შემცირება შესაძლებელია. ფასნამატი და ფასწარმოქმნა ბიზნესისთვის სხვანაირად არის, რადგან ლოჯისტიკური და სხვადასხვა ხარჯი არსებობს”,-განაცხდა ახვლედიანმა.
ცნობისთვის,მომავალი კვირიდან მსგავსი ტიპის შეხვედრები გაიმართება სასურსათო პროდუქციის მწარმოებლებთან, ასევე ფარმაცევტული პროდუქციისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით.