ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ რთულია. ირანიდან  ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა სამჯერ განხორციელდა. საჰაერო განგაში იყო ისრაელის ცენტრალურ ნაწილშიც, იერუსალიმის მიდამოებსა და დასავლეთ სანაპიროს ზოგიერთ ტერიტორიაზე.

 ისრაელმა კი ირანში ბალისტიკური რაკეტების გამშვები პუნქტები დაბომბა. “ ისრაელის მიერ თეირანზე  განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად რაკეტების შესანახი და გაშვების ადგილები განადგურდა, “ – ინფორმაცია  ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ვრცელდება.  ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ერთ-ერთ მიწისქვეშა ობიექტს, რომელზედაც დარტყმა განხორციელდა, ირანი ბალისტიკური რაკეტების შესანახად იყენებდა. მათივე ინფორმაციით, დაბომბეს საჰაერო თავდაცვის რაკეტების რამდენიმე სხვა საწყობი და ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობები.

ისრაელის სამხედრო ავიაციამ იერიში მიიტანა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ რამდენიმე სამეთაურო ცენტრზეც.   ისრაელის საჰაერო ძალების მტკიცებით, დარტყმებამდე მიიღეს ზომები იმისთვის, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის დაზარალების რისკი შეემცირებინათ.   

 “ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის წინააღმდეგ დრონებით თავდასხმები განხორციელდა, რის შედეგადაც ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა,”- აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე  ინფორმაციით, ერთი დრონი ნახიჩევანის საერთაშორისო  აეროპორტის ტერმინალის შენობას დაეცა, ხოლო მეორე – შაქარაბადის სოფელში მდებარე სკოლის შენობის  მახლობლად.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო მკაცრად გმობს ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სამხედრო აუცილებლობის არარსებობის მიუხედავად, განხორციელებულ თავდასხმებს,”  – ამის შესახებ კი  აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  უწყების განცხადებით, ინციდენტზე სრული პასუხისმგებლობა ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეკისრება. 

„აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო ამზადებს აუცილებელ საპასუხო ზომებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ეს თავდასხმები უპასუხოდ არ დარჩება“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.    

,,ირანი  თურქეთის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტის გაშვებას უარყოფს,“ – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ირანის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.   შეგახსენებთ, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ  4  მარტს   განაცხადა, რომ ირანიდან თურქეთის საჰაერო სივრცისკენ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის თავზე ნატო-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს.

ირანის დაზვერვის სამინისტროს ინფორმაციით,  კი  დაარტყეს „სეპარატისტულ ტერორისტულ ჯგუფებს“, რომლებიც ირანში შესვლას დასავლეთ საზღვრიდან აშშ-ის დახმარებით ცდილობდნენ.   ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქებები მოხდა ერაყის ქურთისტანში.  ირანის განცხადებით, „ომის დაწყების შემდეგ ერაყის ქურთისტანში დამალულ ტერორისტულ დაჯგუფებებს რამდენჯერმე დაარტყა“.  ირანის ინფორმაციით, აღნიშნული დაჯგუფებების წინააღმდეგ სარაკეტო შეტევები განხორციელდა, ასევე გამოიყენეს დრონები. 

აბუ-დაბიში    კი   დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ექვსი უცხოელი დაშავდა,” – ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.  მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ დრონის მოგერიების შემდეგ ნამსხვრევები ორ სხვადასხვა ლოკაციაზე ჩამოვარდა.  „ინციდენტის შედეგად პაკისტანისა და ნეპალის ექვსმა მოქალაქემ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაზიანებები მიიღო“, – ნათქვამია აბუ-დაბის მედია ოფისის განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივი სამხედრო ოპერაცია    28 თებერვალს  დაიწყეს. აშშ-სა და ისრაელის ირანთან დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა როგორც ირანში, ასევე რეგიონის სხვა ქვეყნებში.