ამერიკის აეროკოსმოსურმა სააგენტო NASA-მ დედამიწის პირველი ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოები „ორიონის“ ხომალდის ეკიპაჟმა გადაიღო, როდესაც ის მთვარისკენ მიემართებოდა.
ხომალდის მეთაურმა, რიდ უაიზმანმა, ეს სურათები მას შემდეგ გადაიღო, რაც „ორიონმა“ ძრავების მანევრით დედამიწის ორბიტა დატოვა და მთვარისკენ გაემართა, რათა მის გარშემო შემოვლა შეესრულებინა და შემდეგ დედამიწაზე დაბრუნებულიყო.
პირველ ფოტოზე დედამიწა ატლანტის ოკეანის მხრიდან ჩანს. გამოსახულება თითქოს გადაბრუნებულია ჩვენთვის ჩვეული რუკებისგან განსხვავებით: სამხრეთ პოლუსი ზემოთაა, ჩრდილოეთი – ქვემოთ. მარცხნივ და ქვემოთ ჩანს საჰარა, ხოლო მარჯვნივ და ზემოთ – სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთი ნაწილი.
NASA-ს განმარტებით, დედამიწის ქვემოთ და მარჯვნივ ჩანს ვარსკვლავი – ეს არის ვენერა.
კიდევ ერთ ფოტოზე, რომელიც „ორიონის“ ოთხი ძირითადი ილუმინატორიდან ერთ-ერთიდან არის გადაღებული, დედამიწის „დღისა“ და „ღამის“ მხარეები ჩანს.
ექსპედიციის სპეციალისტმა, ჯერემი ჰანსონმა, ჰიუსტონის ფრენების მართვის ცენტრს განუცხადა, რომ დედამიწის ორბიტის დატოვების შემდეგ ეკიპაჟი ფანჯრებს ფაქტობრივად მიეკრო და თვალს არ აშორებდა დაშორებულ პლანეტას.
ექსპედიცია „არტემიდა-2“-ის გეგმის მიხედვით, „ორიონი“ ისტორიაში პირველად დაშორდება დედამიწას 400 ათას კილომეტრზე მეტით, შემოუვლის მთვარეს და უკან დაბრუნდება.
ეს 1972 წლის შემდეგ ადამიანის პირველი გაფრენაა მთვარისკენ, თუმცა ამჯერად დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე დაჯდომა არ იგეგმება — იგი დაგეგმილია სხვა ექსპედიციის ფარგლებში 2028 წელს.