თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, წინააღმდეგ ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე წინასასამართლო სხდომის თარიღი განსაზღვრა. სხდომა 19 ოქტომბერს, 11:00 საათზე გაიმართება.

რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, მოსამართლე ფიქრია სექთურაშვილმა განაცხადა, რომ „არ არსებობს პატიმრობის შეცვლის საფუძველი“. შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილს პატიმრობა ძალაში დარჩა.

დღევანდელ პროცესს თავად ყოფილი პრემიერ-მინისტრი არ დასწრებია. მოსამართლის განმარტებით, პენიტენციური დაწესებულებიდან სასამართლოში წარმოდგენილი განცხადების თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილმა პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, სხდომა მისი დასწრების გარეშე ჩატარდა.

ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი 24 აგვისტოს წარედგინა. პროკურატურის ინფორმაციით, მას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ, ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან.

გამოძიების ვერსიით, საქმე 2022 წლიდან თავდაცვის სამინისტროსთვის სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შესყიდვას უკავშირდება. პროკურატურის ცნობით, საიდუმლო შესყიდვების შედეგად სახელმწიფოს 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილმა ქრთამის სახით 750 000 ლარი მიიღო.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიებასთან ითანამშრომლეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ნათესავმა, ვასილ მხეიძემ და თავად ჯუანშერ ბურჭულაძემაც. უწყების ვერსიით, მხეიძემ ბიზნესმენისგან მიღებული თანხის ნაწილი ბურჭულაძეს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, 750 000 ლარი ირაკლი ღარიბაშვილს გადასცა.

საქმეში სხვა ფიგურანტი პირები უკვე მსჯავრდებულები არიან. მათ შორის, ჯუანშერ ბურჭულაძეს სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის შესაბამისი ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, ვინაიდან ირაკლი ღარიბაშვილი სხვა სისხლის სამართლის საქმეზე უკვე იხდის სასჯელს, ამ საქმეზე უწყება სასამართლოს მხოლოდ წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის თაობაზე მიმართავს.