XX საუკუნის 80-იანი წლები მსოფლიო პოლიტიკური რეალობის გარდამტეხ ეტაპად მიიჩნევა. სწორედ ამ პერიოდში დასრულდა სახელმწიფოებრივი ტერორიზმის მასშტაბური ეპოქა მსოფლიოს უმეტეს ნაწილში, თუმცა იგი კვლავაც  განაგრძობდა არსებობას ცალკეულ რეგიონებსა და ქვეყნებში. ამავე დროიდან იწყებს ფორმირებას ტერორიზმის ახალი, გაცილებით კომპლექსური და იდეოლოგიურად დატვირთული სახე — ისლამური ტერორიზმი.

გარდამტეხ მოვლენად იქცა 2001 წლის 11 სექტემბერი, როდესაც ტერორისტულმა ორგანიზაცია „ალ-ქაიდამ“ შეერთებულ შტატებში მასშტაბური თავდასხმები განახორციელა მსოფლიო სავაჭრო ცენტრსა და პენტაგონზე. აღნიშნულმა აქტმა არა მხოლოდ ტრაგიკული შედეგები გამოიწვია, არამედ ტერორიზმს გლობალური მასშტაბი და ახალი პოლიტიკური მნიშვნელობა შესძინა. ფუნდამენტალიზმის სარწმუნოებრივ-იდეოლოგიურ საფუძველზე წარმოქმნილი ისლამური ტერორიზმი, მიუხედავად დეკლარირებული მიზნებისა, პრაქტიკაში მიმართულია არა მხოლოდ იმპერიალიზმის წინააღმდეგ, არამედ სამოქალაქო მოსახლეობისა და დასავლური ცივილიზაციის წინააღმდეგაც. შედეგად, ტერორიზმი, როგორც პოლიტიკური ინსტიტუტი, დროთა განმავლობაში გადაგვარდა და ანტისაკაცობრიო ბოროტების სახე მიიღო.

საერთაშორისო სამართლებრივ დონეზე ტერორიზმის განსაზღვრა 1999 წელს გაეროს მიერ ჩამოყალიბდა. ამ დეფინიციის მიხედვით, ტერორიზმად მიიჩნევა „ყველა კრიმინალური აქტი, რომელიც მიმართულია უშუალოდ სახელმწიფოს წინააღმდეგ, ან უბრალო ადამიანებისა და ადამიანთა ჯგუფების წინააღმდეგ, საზოგადოებაში ტერორის მდგომარეობის შესაქმნელად, და რომელსაც არ გააჩნია გამამართლებელი გარემოება, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოტივაცია შეიძლება ეფუძნებოდეს პოლიტიკურ, ფილოსოფიურ, იდეოლოგიურ, რასობრივ თუ ეთნიკურ არგუმენტებს“.

თანამედროვე მეცნიერ-პოლიტოლოგები ტერორიზმს მრავალმხრივ მოვლენად განიხილავენ და გამოყოფენ მის რამდენიმე ძირითად სახეობას: იდეოლოგიურს, ეთნიკურს, რელიგიურს, კრიმინალურსა და ინფორმაციულს. თუმცა ეს კლასიფიკაცია სრულყოფილად ვერ ასახავს რეალობას, ვინაიდან კვლავაც აქტუალურია პოლიტიკური, სახელმწიფოებრივი, სოციალური და სხვა ფორმებიც, რომლებიც დროთა განმავლობაში ახალ სახეებს იძენენ.

ტერორიზმის ევოლუცია რამდენიმე ეტაპად შეიძლება დაიყოს. მისი კლასიკური პერიოდი XIX საუკუნეს მოიცავს და ძირითადად სოციალურ-რევოლუციურ ხასიათს ატარებდა. შემდგომ, სახელმწიფოებრივი ტერორიზმის ეპოქაში, ეს მოვლენა უფრო მასშტაბურ სოციალურ ბოროტებად იქცა. XX საუკუნის 60–70-იან წლებში ინდივიდუალურმა ტერორიზმმა ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში ხშირად აბსურდული და უკონტროლო ფორმები მიიღო. თანამედროვე ეტაპზე კი ტერორიზმი საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც გლობალური, ანტიკაცობრიული და ანტიცივილიზაციური ფენომენი, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება.