1968 წლის 4 აპრილს ტენესის შტატის ქალაქ მემფისში მოხდა მკვლელობა, რომელმაც ამერიკის განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინა. მარტინ ლუთერ კინგს მემფისში ერთ-ერთ სასტუმროში აივანზე სიტყვით გამოსვლისას ესროლეს.კინგი 1929 წელს ჯორჯიის შტატში, ქალაქ ატლანტაში დაიბადა. მან ყველაზე დიდი ყურადღება პირველად 1955 წელს მიიქცია, როცა მისი ლიდერობით ალაბამის შტატის ქალაქ მონტგომერიში საზოგადოებრივ ტრანსპორტში სეგრეგაციის წინააღმდეგ მასობრივი ბოიკოტი გამოცხადდა. კინგი მოგვიანებით ამერიკაში სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლთა ლიდერი გახდა.1964 წელს კინგს ნობელის პრემია მიენიჭა. სწორედ იმ წელს, როცა ხელი მოეწერა კონონს არამარტო საზოგადოებრივ ადგილებში სეგრეგაციის დასრულების შესახებ, არამედ დისკრიმინაციის წინააღმდეგ რასის, ფერის, რელიგიის, თუ სქესის მიხედვით.1968 წლის 3 აპრილს კინგმა ნაგვის შემგროვებელთა გაფიცვის მხარდასაჭერად ტენესის შტატის ქალაქ მემფისში წარმოთქვა სიტყვა- „მე ვდგავარ მთის წვერზე“. ეს მისი ბოლო სიტყვა იყო. მეორე დღეს მისი სასტუმროს მეორე სართულის აივანზე კინგს ესროლეს და მოკლეს. კინგი მაშინ 39 წლისა იყო.სიკვდილის წინა დღეს წარმოთქმულ სიტყვაში კინგმა განაცხადა, რომ ის „აღთქმულ ქვეყნამდე“ ვერ მიაღწევდა, მაგრამ მისი თანამედროვენი და მათი შთამომავლები ნახავდნენ მისი და მისი თანამოაზრეების შრომის შედეგს.სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ლიდერმა მარტინ ლუთერ კინგმა თავისი ამაღელვებელი სიტყვა, 1963 წლის 28 აგვისტოს ლინკოლნის მემორიალთან წარმოთქვა და ვაშინგტონში აქციაზე მყოფ 250 ათასზე მეტ ადამიანს მიმართა.ქვეყნის სხვადასხვა შტატიდან ვაშინგტონში ჩასული დემონსტრანტები თანასწორი უფლებების დასაცავად და სამუშაო ადგილების მოთხოვნით გამოვიდნენ,აქცია ქვეყანაში არსებული რასისტული ჩაგვრის ფონზე გაიმართა.„მე მაქვს ოცნება, რომ ოდესმე ჩემი ოთხი შვილი იცხოვრებს ისეთ ქვეყანაში, სადაც მათ განსჯიან მათი შინაგანი ბუნების და არა კანის ფერის მიხედვით.“-თქვა კინგმა.მარტინ ლუთერ კინგმა თავის გამოსვლაში აფრო-ამერიკელების ჩაგვრისა და დისკრიმინაციის დასრულების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება-ეს ლაქა ამერიკამ უნდა მოიშოროს, და ქვეყანას ეს ძალიან სჭირდება ახლა განაცახადა მან.ყველაზე ამაღელვებელი კინგის გამოსვლაში ის ნაწილი იყო, როდესაც ის ამერიკელ ხალხს საკუთარი მისწრაფებების შესახებ ესაუბრებოდა.არსებობს ეჭვი, რომ სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ლიდერი ხელისუფლებამ თავიდან მოიშორა. მაგრამ ამას ზუსტად მხოლოდ 2027 წელს გავიგებთ, როდესაც კინგის ცხოვრების შესახებ არსებული სახელმწიფო დოკუმენტების გამოქვეყნების დრო დადგება. 1983 წელს რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ბრძანებით დაწესდა მარტინ ლუთერ კინგის ნაციონალური უქმე დღე, ყოველი იანვრის თვის მესამე ორშაბათი. მისი სახელი შეტანილია მრავალი დასავლური ეკლესიის ლიტურგიულ კალენდარში -ეპისკოპალების, ლუთერელების, ანგლიკანების. საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიაც ყოველ წელს იანვრის თვეში ლიტურგიულად აღნიშნავს მისი ხსენების დღეს. ამავე ეკლესიასთან არსებულ ლუკა მახარებლის სკოლაში დაწერილია მარტინ ლუთერ კინგის ხატი, რომელიც ლუკა მახარებლის კაპელაშია დაცული.მისი ქანდაკებით დამშვენებულია ლონდონში ვესტმინსტერის სამეფო სააბატოს დასავლეთის ფასადი, ქრისტიანობის სხვა ცნობილი მოღვაწეების ქანდაკებების გვერდით. მის სახელს ატარებს ქუჩები აშშ-ის 730 ქალაქში.მარტინ ლუთერ კინგისა და მის თანამებრძოლთა მიერ დაწყებული მარში ადამიანის თავისუფლებისათვის, დღესაც იმართება მსოფლიოს მასშტაბით -ყველა კონტინენტზე, ყველა ქვეყანაში.