შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა  მამუკა მდინარაძემ   განაცხადა.  მისივე თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს იმგვარი გარემოს შექმნა, სადაც განსხვავებული აზრი დაცული იქნება და ამავდროულად მიუღებელი იქნება სიძულვილის, მტრობისა და შეურაცხყოფის წახალისება.  როგორც  მდინარაძემ აღნიშნა, დებატების სივრცის გახსნა იყო პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, დღეიდან კი მორიგი მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება აღნიშნული მიმართულებით. 

„რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძე  წამოაყენა უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რომელიც დებატების სივრცის გახსნის აუცილებლობას უკავშირდებოდა. მან მაშინ მკაფიოდ აღნიშნა, რომ გარკვეული გარეაქტორების მხრიდან, წლების განმავლობაში, მიზანმიმართულად ხდებოდა საჯარო დისკუსიის სივრცის ხელოვნურად ჩაკეტვა, რათა საზოგადოებაში არ ყოფილიყო აზრთა მრავალფეროვნება, არგუმენტირებული დებატები და კონსტრუქციული პოლემიკა. ამის ნაცვლად, გარეძალების მიერ წახალისებული იყო დაპირისპირება, შუღლი და პოლარიზაცია. სამწუხაროდ, ამ პროცესს თან დაერთო როგორც პოლიტიკურ, ისე სოციალურ ცხოვრებაში შეურაცხმყოფელი და აგრესიული რიტორიკის დამკვიდრება, როგორც პოლიტიკური, ისე საზოგადოებრივი ურთიერთობის ერთგვარი სტანდარტი. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიან ხელისუფლებას, მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს იმგვარი გარემოს შექმნა, სადაც განსხვავებული აზრი დაცული იქნება, ამავდროულად კი, მიუღებელი იქნება სიძულვილის, მტრობისა და შეურაცხყოფის წახალისება. დებატების სივრცის გახსნა იყო პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, დღეიდან კი გადავდივართ მორიგ მნიშვნელოვან ეტაპზე ამ მიმართულებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მინისტრთან გამართული საკმაოდ დეტალური, საგნობრივი კონსულტაციების შედეგად, შევთანხმდით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, უმოკლეს ვადაში, შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება. რა თქმა უნდა, იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და სხვა მსგავს ქმედებებს. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სამმართველო იმოქმედებს პროაქტიულ რეჟიმში და რეაგირება არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ მოქალაქის საჩივარზე. უწყება თავად განახორციელებს მონიტორინგის მომზადებას, შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში, თავად გადააგზავნის მასალებს სასამართლოში,“- აღნიშნა  მდინარაძე.  მისივე თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას საზოგადოებრივი სივრცე დესტრუქციული და ხელოვნურად გაღრმავებული პოლარიზაციისგან.  „მსგავსი პრაქტიკა მოქმედებს არაერთ ქვეყანაში, მაგალითისათვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და ა.შ., სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები აქტიურად იცავენ საზოგადოებრივ სივრცეს სიძულვილის ენისა და აგრესიული კამპანიებისგან. იმისთვის, რომ არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისთვის, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანი არ არის აზრისა და გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვა. დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველი სწორედ თავისუფალი დისკუსია და აზრთა მრავალფეროვნებაა, თუმცა ამავდროულად, ეს, თავის მხრივ, არ უნდა გახდეს ძალადობრივი, შეურაცხმყოფელი და საზოგადოებრივი დაპირისპირების წამახალისებელი კომუნიკაციის გამართლების საფუძველი. დემოკრატიული სახელმწიფოსთვის აუცილებელია აზრთა სხვადასხვაობა და კრიტიკული დისკუსია, პარალელურად არსებობს მინიმალური სტანდარტები, რომლებზეც საზოგადოება უნდა თანხმდებოდეს, მათ შორის, ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და იმ ტიპის კომუნიკაციის მიუღებლობა, რომელიც მტრობას, შუღლს, საზოგადოებრივ დაძაბულობას და უკიდურეს პოლარიზაციას აღვივებს. მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით უკვე გვაქვს პარლამენტის მიერ მიღებული შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, თუმცა, მხოლოდ კანონმდებლობა საკმარისი არ არის და მის ეფექტურ და თანმიმდევრულ აღსრულებას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ, მიმდინარე გამოწვევების კვალდაკვალ, ვაძლიერებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციურ შესაძლებლობებს – ახალი სამმართველო უზრუნველყოფს მუდმივ მონიტორინგს და კანონით გათვალისწინებული მექანიზმების ეფექტიან გამოყენებას. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას საზოგადოებრივი სივრცე დესტრუქციული და ხელოვნურად გაღრმავებული პოლარიზაციისგან. შესაბამისად, საქართველოს სამართალდამცავი სისტემა უზრუნველყოფს ისეთი სტანდარტებისა და წესების დამკვიდრებას, რომლებიც გააძლიერებს საზოგადოებრივ სტაბილურობას, ურთიერთპატივისცემას და პასუხისმგებლობიან საჯარო კომუნიკაციას”, – განაცხადა  მამუკა მდინარაძემ.