გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩალაუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე იორის სიახლოვეს მდებარე ფერმაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა, რის გამოც ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 14 მაისს ფერმაში ერთ-ერთმა აგრესიულმა ძაღლმა დაკბინა ხუთი ძაღლი, ერთი ცხვარი და ერთი სული მსხვილფეხა საქონელი. რამდენიმე დღეში ძაღლი მოკვდა, რის შემდეგაც მისი პათოლოგიური მასალა ლაბორატორიულ კვლევაზე გადაიგზავნა. კვლევის შედეგად ცოფის ვირუსი დადასტურდა.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, დაკბენილი ცხოველები ცოფის საწინააღმდეგოდ ვაქცინირებული არ იყვნენ. მოქმედი წესების მიხედვით, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ცხოველების დაუყოვნებლივი ვაქცინაცია და მათი ექვსთვიანი ზედამხედველობა.

ფერმაში ამჟამად განთავსებულია 1000 სული წვრილფეხა პირუტყვი, 17 სული მსხვილფეხა საქონელი, 2 ცხენი და 6 ძაღლი.

ცოფის გავრცელების პრევენციის მიზნით, ინფიცირებულ და საფრთხისშემცველ ზონაში გამოცხადდა კარანტინი. სურსათის ეროვნული სააგენტო-ს ინფორმაციით, უკვე დაწყებულია სალიკვიდაციო ღონისძიებები – ცხოველების იძულებითი ვაქცინაცია, დეზინფექცია, გადაადგილების შეზღუდვა და ცხოველების ჯანმრთელობის მონიტორინგი.