დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს შეხვდნენ. შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა, ზაქრო გვიშიანმა განაცხადა, რომ პატრიარქმა მათი პრობლემები ყურადღებით მოისმინა და აღნიშნა, რომ საკითხის მოგვარებისთვის ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია.
მისივე თქმით, ოჯახები იმედოვნებენ, რომ საპატრიარქოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება და გადაწყვეტილებები მაქსიმალურად მოკლე ვადაში იქნება მიღებული.
მშობლების განცხადებით, შეხვედრა „ძალიან კარგი და შინაარსიანი“ იყო. ასევე აღინიშნა, რომ პატრიარქის ინიციატივით პერიოდულად მოხდება დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დალოცვაც.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული კიდევ ერთი ბავშვის მშობელმა, კახა წიქარიშვილმა განაცხადა, რომ საპატრიარქოში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, სადაც წარმოდგენილი იქნებიან მშობლები, სპეციალისტები და საპატრიარქოს წარმომადგენლები.
მისი თქმით, ჯგუფი შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელებს, რის შემდეგაც ხელისუფლებასთან კომუნიკაცია დაიწყება.
მშობლების განმარტებით, საპატრიარქო მათ ასევე დაჰპირდა, რომ ხელისუფლებასთან პირდაპირ კომუნიკაციას უზრუნველყოფს, რათა, როგორც თავად ამბობენ, „მშობლებსა და ხელისუფლებას შორის ჩატეხილი ხიდი აღდგეს“.