აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ვაშინგტონი კმაყოფილი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ირანი ბირთვულ იარაღს ვერ მიიღებს.
ტრამპის თქმით, საუდის არაბეთის, კატარისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების ლიდერებმა მას ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი სამხედრო ოპერაციის რამდენიმე დღით გადადება სთხოვეს, რადგან მათი შეფასებით, შეთანხმების მიღწევის შანსი ჯერ კიდევ არსებობს.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, სამხედრო მოქმედებისთვის მზადება უკვე დაწყებული იყო და შესაძლო ფართომასშტაბიანი იერიშის მომდევნო დღეს განხორციელება შესაძლებელი იყო, თუმცა გადაწყვეტილება დროებით გადაიდო.
„თუ შევძლებთ, რომ ირანის ხელში ბირთვული იარაღი არ აღმოჩნდეს და ისინი კმაყოფილები იქნებიან, მაშინ ალბათ ჩვენც კმაყოფილები ვიქნებით,“ – აღნიშნა ტრამპმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ირანთან „სერიოზული მოლაპარაკებები“ მიმდინარეობს და იმედოვნებს, რომ შეთანხმების მიღწევა სამხედრო ჩარევის გარეშე მოხერხდება.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ბედნიერი იქნება, თუ საკითხი დაბომბვის გარეშე გადაწყდება, თუმცა პარალელურად ამერიკულ სამხედრო ძალებს სრული მზადყოფნის რეჟიმში დარჩენა დაევალათ, რათა საჭიროების შემთხვევაში ოპერაცია სწრაფად განხორციელდეს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი იერიშები სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერების თხოვნით გადადო, თუმცა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს ფართომასშტაბიანი მოქმედებისთვის მზადყოფნა შეუნარჩუნა.