ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე განაჩენი  20 მაისს გამოცხადდება.

სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:30 საათზეა ჩანიშნული. სხდომაზე ლევან ხაბეიშვილი საბოლოო სიტყვით ისარგებლებს, რის შემდეგაც მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე სათათბიროდ გავა და განაჩენს გამოაცხადებს.

როგორც ცნობილია, მურთაზ ზოდელავა წინა სასამართლო სხდომებს არ ესწრებოდა, ამიტომ უცნობია, დაესწრება თუ არა ხვალინდელ პროცესს.

ბრალდების მიხედვით, ლევან ხაბეიშვილს ედავებიან მოხელისთვის ქრთამის დაპირებას და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საჯარო მოწოდებას.

საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილსა და 317-ე მუხლს ეხება. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული მოხელეს უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის გადაცემას დაჰპირდა, ასევე საჯაროდ მოუწოდებდა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.

რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, მას გამოძიებისთვის ხელის შეშლას ედავებიან. პროკურატურის ცნობით, მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში უკანონოდ ჩარევა სცადა და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულების, ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის  დამალვას ცდილობდა.

ზოდელავას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში უკანონო ჩარევას გულისხმობს და სასჯელის სახით ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.