პანკისის ხეობაში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ბრიფინგზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძე განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს რიგებში იყვნენ გაერთიანებული და უცხო ქვეყნიდან მიღებული მითითებებით მოქმედებდნენ.

სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული პირები პანკისის ხეობაში ე.წ. „ჯამაათის“ ჩამოყალიბებას ცდილობდნენ და ტერორისტულ საქმიანობაში სხვა ადამიანების ჩართვის მიზნით სხვადასხვა ლოკაციაზე ფარულ შეხვედრებს მართავდნენ. უწყების ცნობითვე, ისინი ტერორისტული იდეოლოგიის პროპაგანდასაც ეწეოდნენ.

კონტრტერორისტული ცენტრისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეცოპერაცია პანკისის ხეობის სოფლებში: ომალო, ბირკიანი და ჯოყოლო, გასულ ღამეს ჩაატარეს.

გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ამოიღეს რამდენიმე ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები, საბრძოლო მასალა, მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, ასევე ისლამური სახელმწიფოს დროშა და სიმბოლიკის ამსახველი ნივთები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სუს-ის განცხადებით, გამოძიება გრძელდება დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დასაყენებლად.