დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები აცხადებენ, რომ თანამედროვე მედიკამენტების საქართველოში შემოტანის საკითხზე დროის დაკარგვა დაუშვებელია, რადგან დაავადება ყოველდღიურად პროგრესირებს და ბავშვების ჯანმრთელობას შეუქცევადად აზიანებს.

მშობლების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ აუცილებელია სახელმწიფომ სასწრაფოდ დაიწყოს მოლაპარაკებები პრეპარატების მომწოდებელ კომპანიებთან. მათი თქმით, საუბარია ოთხ თანამედროვე მედიკამენტზე, რომელთა ეფექტიანობა და უსაფრთხოება ამერიკული და ევროპული მარეგულირებელი სააგენტოების მიერ უკვე დადასტურებულია.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები განსაკუთრებულ მადლობას უხდიან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს, და იმედს გამოთქვამენ, რომ საპატრიარქოს შუამავლობით ხელისუფლებასთან შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდება.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მულტიდისციპლინური გუნდის შექმნა და პერიოდული გამოკვლევების დაფინანსება დადებითი ნაბიჯია, თუმცა, მათი შეფასებით, ეს პროცესი უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო. მშობლები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ შესაბამისი სერვისები სრულწლოვან პაციენტებზეც სრულად უნდა გავრცელდეს.

მათი თქმით, აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ ქვეყანაში დიუშენის სამკურნალო მედიკამენტები არ შემოვა. მშობლები გეგმავენ ერთკაციან საპროტესტო აქციებს სოლოლაკში, ბიძნა ივანიშვილის რეზიდენციასთან, ასევე ყოველკვირეულ მსვლელობებსა და შეკრებებს სახელმწიფო კანცელარიასთან.

განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ მათი პროტესტი მშვიდობიანი და კანონიერი ფორმით მიმდინარეობს და მისი მთავარი მიზანი ხელისუფლებასთან დიალოგისა და მოლაპარაკებების დაწყებაა.