რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების შემდგომი გაძლიერებისა და გაღრმავების შესახებ ერთობლივი განცხადება მიიღეს, ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ორმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გაიმართა დოკუმენტების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია, სადაც მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული ურთიერთქმედების კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს კეთილმეზობლური და მეგობრული თანამშრომლობის განმტკიცებას.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, მიღებული ტექსტი მასშტაბური პოლიტიკური დოკუმენტია და 47 გვერდს მოიცავს. მისი შეფასებით, ის ასახავს ორ ქვეყანას შორის მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების ძირითად მიმართულებებს, საერთაშორისო დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე საერთო ხედვას და განსაზღვრავს თანამშრომლობის ფორმატებს გლობალურ პოლიტიკურ პროცესებში.

დოკუმენტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მოსკოვისა და პეკინის პოლიტიკურ კოორდინაციასა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ტენდენციას, რომელიც ბოლო წლებში აქტიურად ვითარდება.