პენტაგონი აცხადებს, რომ ევროპაში განლაგებული აშშ-ის საბრძოლო ბრიგადის ჯგუფების რაოდენობა ოთხიდან სამამდე შემცირდა.
ინფორმაცია უწყების პრესსპიკერმა, შონ პარნელი გაავრცელა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ევროპაში ამერიკული ძალების განლაგების შესახებ ჩატარებული მრავალშრიანი ანალიზის შედეგია.
პენტაგონის განმარტებით, ცვლილება აშშ-ის ძალების პოლონეთში განლაგების დროებით გადადებასაც გულისხმობს, თუმცა ვაშინგტონი პოლონეთს კვლავ მნიშვნელოვან მოკავშირედ განიხილავს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ევროპაში ამერიკული სამხედრო ძალების საბოლოო განლაგება დამოკიდებული იქნება როგორც აშშ-ის სტრატეგიულ და ოპერატიულ საჭიროებებზე, ისე ევროპელი მოკავშირეების შესაძლებლობაზე, მეტი პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარი თავდაცვის მიმართულებით.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს ანალიზი შეესაბამება დონალდ ტრამპის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ პოლიტიკას და მიზნად ისახავს ნატოს წევრი ქვეყნების წახალისებას, რათა ევროპის თავდაცვაში უფრო აქტიური როლი შეასრულონ.
პენტაგონის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი პოლონეთის ვიცე-პრემიერს, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის უკვე ესაუბრა. უწყებაში აცხადებენ, რომ ანალიზის პროცესში პოლონელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, რათა ქვეყანაში აშშ-ის ძლიერი სამხედრო ყოფნა შენარჩუნდეს.
„პოლონეთმა აჩვენა როგორც საკუთარი თავდაცვის უნარი, ისე ამის მტკიცე ნება. ნატოს სხვა მოკავშირეებმაც იგივე უნდა გააკეთონ“, – აღნიშნულია განცხადებაში.