საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძე განცხადებით, საპატრიარქო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების საკითხს სიღრმისეულად შეისწავლის.
მისი თქმით, დაავადებული ბავშვების მშობლებთან გამართული შეხვედრა საქმიანი და საინტერესო იყო, რადგან საკითხი სპეციალურ ცოდნასა და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტების ჩართულობას საჭიროებს.
ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, პროცესში საპატრიარქოს მხრიდან ჩაერთვება წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა, ხოლო უახლოეს მომავალში სპეციალისტებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის შეხვედრაც გაიმართება.
დეკანოზის განცხადებით, საპატრიარქოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხებში ჩართვის გამოცდილება უკვე აქვს და ამ შემთხვევაშიც ყველა შესაძლო რესურსი იქნება გამოყენებული.
„შევეცდებით, საკითხი სიღრმისეულად შევისწავლოთ. ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რათა ამ დაავადების მქონე ბავშვებს მიეცეთ შესაბამისი დახმარება,“ – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძე.