„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და ყოფილი გენერალური პროკურორი, მურთაზ ზოდელავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. ლევან ხაბეიშვილს ბრალდების საქმეზე 339-ე მუხლი გადაკვალიფიცირდა 318-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მას სასჯელად 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას სასჯელის სახედ 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. განაჩენის გამოცხადებას ბრალდებულები, არ ესწრებოდნენ.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ედავებოდნენ, რომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება განახორციელა. ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.
ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. მურთაზ ზოდელავას კი ედავებოდნენ, რომ ის უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება. მურთაზ ზოდელავას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას გულისხმობს.