,,რუსეთი ბრძოლის ველზე ჩიხში აღმოჩნდა, ამიტომ ის უკრაინას ქალაქის ცენტრებზე განზრახ დარტყმებით ატერორებს,” – ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმას. მისი ინფორმაციით, მომავალ კვირას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ, როგორ გააძლიერონ რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა.

„ეს არის საზარელი ტერორისტული აქტები, რომლებიც მიზნად ისახავს რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მოკვლას. მოსკოვი, გავრცელებული ინფორმაციით, იყენებს „ორეშნიკის“ ტიპის საშუალო რადიუსის ბალისტიკურ რაკეტებს – სისტემებს, რომლებიც ბირთვული ქობინების სატარებლად არის შექმნილი. ეს პოლიტიკური დაშინების ტაქტიკა და ბირთვული კატასტროფის ზღვარზე უგუნური თამაშია,” – წერს კალასი.

რუსეთზე ზეწოლის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობს ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბიც.

„რუსეთმა კიევზე წუხელ დრონებითა და რაკეტებით მასშტაბური იერიში მიიტანა. კიდევ ერთხელ, მან საცხოვრებელი ადგილები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაბომბა. ეს უაზრო აგრესიული ომი უნდა შეწყდეს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთის საომარ მანქანაზე და გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, – წერს ფინეთის პრეზიდენტი.

კიევზე თავდასხმას ეხმაურება მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუც.

„კიევზე რუსული რაკეტებითა და დრონებით განხორციელებული თავდასხმების ფართომასშტაბიანი ტალღა ომის დანაშაულია. მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა ომის დანაშაულია. თავისუფალი მსოფლიოს პასუხი უნდა იყოს უკრაინისადმი მეტი მხარდაჭერა, რუსეთზე მეტი ზეწოლა“, – წერს სანდუ.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, საცხოვრებელ ტერიტორიებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განზრახ დარტყმები ტერორის მიუღებელ აქტებს წარმოადგენს.

„აგრესორისთვის ომის ფასის გაზრდის მიზნით, ახლავე გვჭირდება კონკრეტული ქმედებები. ეს უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის გამოხატვის საუკეთესო გზაა. ესტონეთი გამარჯვებამდე უკრაინის გვერდით დგას“, – წერს ცაჰკნა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კიასტუტის ბუდრისის განცხადებით, უკრაინას პარტნიორებისგან სჭირდება მოქმედება და არა სიტყვები.

„ძნელია სწორი სიტყვების პოვნა კაცობრიობის ასეთ სრულ უარყოფაზე საპასუხოდ. მაგრამ უკრაინას ჩვენი სიტყვები არ სჭირდება – მას ჩვენი ქმედებები სჭირდება. ჩვენ გვაქვს საჭირო ინსტრუმენტები, რათა რუსეთი ვაიძულოთ, შეწყვიტოს თავისი აგრესიული ომი. მათი სრულად გამოუყენებლობა ომის გაგრძელების აშკარა წახალისებაა“, – აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბაიბა ბრაჟეს განცხადებით, თავდასხმები უკრაინას მომავლისთვის ბრძოლაში, ევროპას კი უკრაინის მხარდაჭერაში ხელს ვერ შეუშლის.

„ეს ხელს ვერ შეუშლის უკრაინას თავისი მომავლისთვის ბრძოლაში და ჩვენი მის მხარდაჭერაში“, – წერს ბრაჟე.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბეათე მაინლ-რაიზინგერის განცხადებით, ეს თავდასხმები კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა დევს სასწორზე.

„ეს თავდასხმები კიდევ უფრო ადასტურებს იმას, რა დევს სასწორზე: უკრაინის თავისუფლება, ევროპის უსაფრთხოება, ჩვენი საერთო ღირებულებები. რუსეთი უკრაინელ ხალხს ვერ გატეხს. ჩვენი მხარდაჭერა ურყევი რჩება“, – წერს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ცნობისთვის, რუსულმა ძალებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების გამოყენებით შეუტიეს, რის შედეგადაც, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა და 44 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გავრცელებული ცნობებით, თავდასხმის შედეგად სხვადასხვა რაიონში დაზიანდა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, საცხოვრებელი სახლები, სუპერმარკეტი. დარტყმა განხორციელდა შევჩენკოვსკის რაიონში მდებარე სკოლის შენობაზე.სკოლის თავშესაფარში ადამიანები იმყოფებოდნენ. სამი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულებს შორის ორი ბავშვია.