გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანისგან მოითხოვს, საჯაროდ განაცხადოს ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ და პირობა დადოს, რომ კომერციულ გემებზე თავდასხმებს შეწყვეტს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული მოთხოვნა თეირანს აშშ-მა როგორც პირდაპირი არხებით, ისე რეგიონული შუამავლების მეშვეობით გადასცა.

წყაროების ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს გადაწყვეტილების მისაღებად ვადა შაბათამდე მისცა.

„თუ ხვალისთვის ეს მათი პოზიცია არ გახდება, მაშინ მათთვის კარგი დღე არ იქნება“, – განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Axios-თან საუბარში.

აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებით, ირანმა დაარღვია ურთიერთგაგების მემორანდუმი, რადგან ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე თავდასხმებს ახორციელებს.

ჰორმუზის სრუტე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზღვაო მარშრუტია, რომლის გავლითაც მსოფლიო ნავთობისა და გაზის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაადგილდება. მისი უსაფრთხო ფუნქციონირება საერთაშორისო ენერგეტიკული ბაზრების სტაბილურობისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევა.

ირანის ოფიციალურ უწყებებს აღნიშნულ ინფორმაციაზე ამ ეტაპზე საჯარო კომენტარი არ გაუკეთებიათ.