საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ბათუმში ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ყველასთვის ღიაა. ელჩმა აღნიშნული კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა კითხვაზე, იყვნენ თუ არა მთავრობის წარმომადგენლები მოწვეული დღევანდელ ღონისძიებაზე.
„რაც შეეხება იმას, თუ ვინ იყო მოწვეული ამ ღონისძიებაზე. ჩვენი ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ყველასთვის ღიაა. ამ ღონისძიების წინ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში იყო გავრცელებული და ასევე, ბათუმში პოსტერები ყველგან იყო. ასე რომ, ყველას ველოდებით. ეს ყველასთვის მშვენიერი დღეა“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ევროკავშირის ელჩმა ბათუმში მიმდინარე ღონისძიების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპის დღის აღნიშვნაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მონაწილეობენ.
„მოხარული ვარ, რომ კვლავ აჭარაში ვარ და ევროპის დღეს ბათუმში აღვნიშნავ. ჩვენ აქ ევროკავშირის 10 წევრ სახელმწიფოსთან და მონიტორინგის მისიასთან ერთად ჩამოვედით, რათა წარმოვაჩინოთ, თუ რას აკეთებენ ევროკავშირი და ჩვენი წევრი სახელმწიფოები საქართველოში უკვე 30-ზე მეტი წელია, ქართველი ხალხისთვის და საქართველოს რეგიონებისთვის“, – აღნიშნა ელჩმა.
მისივე თქმით, ევროკავშირი უკვე სამი ათწლეულია საქართველოს მხარდაჭერას უწევს და პარტნიორობის გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს.
„ვამაყობთ, რომ როგორც ევროკავშირი, ბოლო 30 წლის განმავლობაში ვეხმარებით და მხარდაჭერას ვუწევთ საქართველოს. ჩვენ ამ პარტნიორობის გაგრძელება გვსურს, ვიდრე საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი არ გახდება“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.