კომპანია „ჯი პი პი“ ეხმიანება სოციალურ ქსელში 15 მაისს გავრცელებულ ინფორმაციას ნოსტეს ქართული ქათმის ხორცპროდუქტებთან დაკავშირებით და საზოგადოებას აწვდის ოფიციალურ განმარტებას.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, 8 მაისს მათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიმართა მოქალაქე ე. პ.-მ, რომელმაც აცნობა, რომ მისი სამი მცირეწლოვანი შვილი მძიმე მოწამვლის დიაგნოზით იაშვილის სახელობის საავადმყოფოში იყო მოთავსებული და მათ სალმონელოზი დაუდგინდათ. მისი ვარაუდით, აღნიშნული შემთხვევა დაკავშირებული იყო 30 აპრილს შეძენილი ნოსტეს ხორცპროდუქტების მოხმარებასთან.
კომპანიის ინფორმაციით, ნოსტეს საწარმოებში მოქმედებს ხარისხისა და უსაფრთხოების მრავალსაფეხურიანი კონტროლის სისტემა, მათ შორის – პროდუქციის რეგულარული ლაბორატორიული შემოწმება. „ჯი პი პი“-ს განცხადებით, მიმდინარე თვეში ჩატარებულმა დამატებითმა კვლევებმაც დაადასტურა პროდუქციის უსაფრთხოება და შესაბამისობა დადგენილ სტანდარტებთან.
ამასთან, მოქალაქემ განცხადებით მიმართა სურსათის ეროვნულ სააგენტოსაც, რის შემდეგაც სააგენტომ ნოსტეს საფირმო მაღაზიიდან აიღო პროდუქციის ნიმუშები და ლაბორატორიული კვლევა ჩაატარა.
კომპანიის განმარტებით, ჩატარებული კვლევის შედეგებმა ნოსტეს ხორცპროდუქტებში სალმონელას ბაქტერიის არსებობა არ დაადასტურა.
„ჯი პი პი“-ში აღნიშნავენ, რომ სამწუხაროა, მოქალაქის მიერ სოციალური ქსელის საშუალებით ინფორმაციის გავრცელება ოფიციალური კვლევის შედეგების მიღებამდე, რადგან ამან საზოგადოების ნაწილში გაურკვევლობა და შეშფოთება გამოიწვია.
მომხმარებელთა ინფორმირების მიზნით, კომპანია განცხადებასთან ერთად აქვეყნებს ლაბორატორიული კვლევის შედეგებსა და ინფორმაციას ნოსტეს საწარმოებში მოქმედი ხარისხის კონტროლის მექანიზმების შესახებ.
კომპანიის განცხადებით, იგი კანონით გათვალისწინებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოიყენებს, რათა მსგავსი შემთხვევები შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ დარჩეს.
დამატებითი ინფორმაცია
კომპანია „ჯი პი პი“ მომხმარებლებს დამატებით აცნობებს, რომ ნოსტეს საწარმოებში დანერგილია ფრინველის წარმოებისა და სურსათის უვნებლობის კონტროლის თანამედროვე სტანდარტები.
კომპანიის ინფორმაციით:
- ნოსტეს საწარმოებში ხორციელდება ბროილერის მეხორცული ჯიშის ფრინველის ინკუბაცია, ზრდა, გამოკვება და სასიცოცხლო ციკლის უსაფრთხოების მუდმივი მონიტორინგი;
- საწარმოები სრულად აღჭურვილია თანამედროვე, ავტომატიზებული დანადგარებით, რაც უზრუნველყოფს ფრინველისთვის სუფთა, უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოს;
- ფრინველის საკვების საამქრო აღჭურვილია თანამედროვე შესანახი სილოსებით, რომლებიც უზრუნველყოფს საკვები მარცვლეულის სისუფთავისა და შესაბამისი ტენიანობის დაცვას;
- ნოსტეს ფრინველის საკვები სრულად მცენარეულია. რაციონის ძირითად ნაწილს სიმინდი წარმოადგენს, ხოლო დამატებით გამოიყენება მცენარეული ცილებით, მაგნიუმით, რკინითა და B ჯგუფის ვიტამინებით მდიდარი სხვადასხვა მარცვლეული;
- მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხისა და უსაფრთხო პროდუქციის მიწოდების მიზნით, ნოსტეს საწარმოებსა და საფირმო მაღაზიებში დანერგილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემა HACCP;
- ნოსტე მონაწილეობს ICARS-ის პროექტში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით და მიზნად ისახავს ფრინველის საკვებში ანტიბიოტიკების გამოყენების მაქსიმალურ შემცირებას;
- დაკვლამდე ფრინველს უტარდება მიკრობიოლოგიური კვლევა და მხოლოდ დადებითი პასუხის მიღების შემდეგ ხდება მისი გადაყვანა სასაკლაოზე;
- საწარმოში მიმდინარე ყველა პროცესი ყოველდღიურად კონტროლდება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოყოფილი ვეტერინარის მხრიდან, რომელიც ადგილზე ახორციელებს წარმოების პროცესის დეტალურ მონიტორინგს.
„ნოსტე“ აცხადებს, რომ მომხმარებლისთვის მიწოდებული პროდუქციის ხარისხი, სიჯანსაღე და უსაფრთხოება კომპანიის მთავარი პრიორიტეტია.
კომერციული მასალა





