“  საბაჟო-სასაზღვრო რეგულაციების ცვლილების შედეგად, ისტორიაში პირველად, საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ბალანსი მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს სასარგებლოდ და შედეგად, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2026 წლის ბოლოსთვის შესაძლოა, უპრეცედენტო მაჩვენებელს, 400 მილიონ აშშ დოლარს მიაღწიოს, “ – ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩმა, ალი მოუჯანიმ ირანის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.   ირანელი დიპლომატის თქმით, მოკლე დროში მოხერხდა და შეიქმნა ირანულ ბაზარზე წვდომის ახალი მოდელი ქართველი ბიზნესმენებისა და ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლებისთვის, რომელსაც ანალოგი არ აქვს.  მისი განმარტებით, დღეს ყველა ქართველ ბიზნესმენს აქვს შესაძლებლობა, ირანელი ბიზნესმენის მსგავსად, მცირე საწევრო გადასახადის გადახდით, ირანის სავაჭრო, სამთო, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის პალატაში გაწევრიანდეს და ხმის მიცემის უფლებით ისარგებლოს.  ალი მოუჯანის განცხადებით, კიდევ ერთი შესაძლებლობაა – შიდარეგიონული თანამშრომლობის საფუძვლების შექმნა და ირანის მეზობელი ბაზრების გახსნა ერაყსა და ავღანეთში საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობისთვის.  „ამ მხრივ, „ირანის ბაზრის სავაჭრო ქსელის“ ძალისხმევით შედგა მიმოწერა ირანის ორი მეზობელი ქვეყნის სავაჭრო პალატას (78 მილიონი მოსახლეობით) და საქართველოს სავაჭრო ქსელს შორის. ქალაქ მაშჰადის სავაჭრო პალატამ ირანში, მეზობელ ქვეყნებში, პაკისტანსა და ავღანეთში, ასევე თავრიზის, ჰამადანის, ქერმანშაჰის სავაჭრო პალატებმა, ქურთისტანის რეგიონისა და ერაყის მეზობელ ქვეყნებში, მიიღეს შესაბამისი ინსტრუქციები სავაჭრო პარტნიორებთან კონსულტაციების გაწევისათვის. მსურს, თქვენი ყურადღება მივაპყრო რამდენიმე პუნქტს „ირანული ბაზრის ქსელთან“ დაკავშირებით. ეს ქსელი აერთიანებს 95 მილიონ ადამიანს ირანში, 35 მილიონს ავღანეთში, 43 მილიონს ერაყში და 240 მილიონს პაკისტანში, რაც 413 მილიონის მოცულობის უზარმაზარი ბაზარია და  მომგებიანი ბაზრის პერსპექტივას ქმნის. მაგალითისთვის, საელჩო შეეცადა ირანის საბაჟო და სანიტარულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას, რათა ერთ-ერთი საზღვარი მუდმივად გახსნილი ყოფილიყო ერაყში კავკასიიდან ცოცხალი საქონლის სწრაფი გადაყვანისთვის და ხელი შეეწყო საკარანტინო ღონისძიებებისთვის, რათა ირანიდან ტრანზიტით ცოცხალი საქონელი დღე-ნახევარში გადასულიყო ერაყში, ხოლო იქიდან სპარსეთის ყურის სამხრეთ ქვეყნებში, სირიაში, იორდანიაში, საუდის არაბეთში, ქუვეითში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში წონის მინიმალური კლებით, გრძელ და შრომატევად საზღვაო გზასთან შედარებით“, – განაცხადა ალი მოუჯანიმ.  ირანის ელჩის თქმით, თეირანის კიდევ ერთი ძალისხმევაა ირანის კომპეტენტურ ორგანოებთან კონსულტაციები კასპიის ზღვის სამხრეთ დერეფნის გასახსნელად. ალი მოუჯანის განცხადებით, ეს  მარშრუტი, კლიმატის ცვლილებისა და კასპიის ზღვის დაწევის ფონზე, რამაც შეზღუდა ტვირთების ზღვით გადაადგილება, წარმოადგენს უსაფრთხო ალტერნატივას ტვირთების გადასაზიდად შორეული აღმოსავლეთიდან (ჩინეთი) და ცენტრალური აზიიდან შავ ზღვასა და ხმელთაშუა ზღვაში, კავკასიისა და თურქეთის გავლით.