ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუ განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთან საუბრისას გააფრთხილა, რომ თუ „ჰეზბოლა“ ისრაელის ქალაქებსა და მოქალაქეებზე თავდასხმებს არ შეწყვეტს, ისრაელი ბეირუთში ტერორისტულ სამიზნეებზე იერიშებს განახორციელებს.

„დღეს საღამოს პრეზიდენტ ტრამპს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ თუ „ჰეზბოლა“ ჩვენს ქალაქებსა და მოქალაქეებზე თავდასხმას არ შეწყვეტს, ისრაელი ბეირუთში ტერორისტულ სამიზნეებს დაარტყამს“, – წერს ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელ X-ზე.

მისი თქმით, ისრაელის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით უცვლელია.

„პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ლიბანში მოქმედებას გეგმის მიხედვით გააგრძელებენ“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

განცხადება რეგიონში არსებული დაძაბულობის ფონზე გაკეთდა, სადაც ისრაელსა და ჰეზბოლას შორის შეტაკებები კვლავ გრძელდება, რაც ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს.