საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლებისა და ძალადობრივი დაპირისპირებების შემდეგ ხელისუფლება უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, ზოგიერთი ქალაქის მერს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლებამოსილება მიენიჭა. პარალელურად, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის შეთავაზება არ მიიღო და სამართალდამცავი სისტემის მუშაობის გადახედვა მოითხოვა.
ქვეყანაში ბოლო კვირების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციები გასულ შაბათ-კვირას განსაკუთრებით გამწვავდა. დემონსტრანტების ნაწილსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა, დაზიანდა ადმინისტრაციული შენობები, დაიწვა ავტომობილები და გაიძარცვა სავაჭრო ობიექტები.
გავრცელებული მონაცემებით, არეულობის შედეგად 2 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, დაშავდა სამართალდამცავი სტრუქტურების თითქმის 1 000 თანამშრომელი. დაშავებულები არიან დემონსტრანტებს შორისაც.
როგორ დაიწყო საპროტესტო მოძრაობა?
საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო. თავდაპირველად ქუჩაში მოსწავლეები გამოვიდნენ, რომლებიც სკოლებში პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ.
მოგვიანებით მოძრაობას მოსახლეობის სხვა ჯგუფებიც შეუერთდნენ. უკმაყოფილების მთავარი მიზეზები ცხოვრების ხარჯების ზრდა, საჯარო სერვისების ხარისხის გაუარესება და განათლების სისტემაში არსებული პრობლემები გახდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით გამართულ დემონსტრაციებში დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი მონაწილეობდა.
მშვიდობიანი პროტესტის პარალელურად, ცალკეულ ქალაქებში ძალადობრივი ინციდენტები განვითარდა. ნიღბიანი ჯგუფები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ, შეიჭრნენ მუნიციპალურ შენობებში და დააზიანეს კერძო საკუთრება.
განსაკუთრებით მძიმე ვითარება შაბათ-კვირას შეიქმნა. კვირას დაპირისპირებები გაგრძელდა პარიზსა და მარსელშიც, სადაც პოლიცია სავაჭრო ობიექტების გაძარცვის აღსაკვეთად ჩაერია.
ათასობით დაკავებული და ასობით მილიონი ევროს ზარალი
არეულობის მასშტაბზე ოფიციალური უწყებებისა და ბიზნესის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული მონაცემები მიუთითებს.
იუსტიციის მინისტრ ჟერალდ დარმანენის ინფორმაციით, მხოლოდ შაბათ-კვირას პოლიციის განყოფილებებში 2 330-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს, რომელთა დაახლოებით 70% სრულწლოვანია.
სხვადასხვა პერიოდში გავრცელებული მონაცემებით, დაკავებულთა საერთო რაოდენობა 2 500-ს აჭარბებს.
საფრანგეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის, ალენ დი კრეშენცოს შეფასებით, ძალადობრივი ინციდენტების შედეგად 2 000-ზე მეტი მაღაზია დაზარალდა, ხოლო ეკონომიკური ზარალი ასობით მილიონ ევროს აღწევს.
დაშავებულთა შორის არიან როგორც პოლიციელები, ისე აქციის მონაწილეები. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა დემონსტრანტმა სამართალდამცველების მიერ გამოყენებული სპეციალური ყუმბარის აფეთქების შედეგად ხელი დაკარგა.
მთავრობა კომენდანტის საათისა და ახალი შეზღუდვების შესაძლებლობაზე საუბრობს
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, ადგილობრივ ხელისუფლებას დამატებითი უფლებამოსილებები მიეცემა, რათა მოსახლეობისა და ბიზნესის უსაფრთხოება უზრუნველყოს.
მისი თქმით, ზოგიერთი ქალაქის მერს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესება შეეძლება, თუმცა კონკრეტული ქალაქები არ დაუსახელებია.
მთავრობა ასევე გეგმავს დაზიანებული ტერიტორიების აღდგენისთვის თანხების გამოყოფას. ლეკორნუს განცხადებით, სახელმწიფო შეიმუშავებს მექანიზმს, რომელიც ქონების დაზიანებაზე პასუხისმგებელ პირებს ზარალის ანაზღაურებას დააკისრებს.
„იქნება კანონი, რომელიც უზრუნველყოფს მექანიზმებს იმისათვის, რომ ქონების დამაზიანებელმა პირებმა ზარალი აანაზღაურონ“, – აღნიშნა სებატიან ლეკორნუმ.
პრემიერ-მინისტრი შაბათ-კვირის ძალადობრივ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ულტრამემარცხენე რადიკალურ ჯგუფებს აკისრებს.
„არსებობს მოძრაობა, რომელსაც სათავეში ულტრამემარცხენე რადიკალური ჯგუფები უდგანან. მათ ნამდვილად სურთ დესტაბილიზაციის გამოწვევა და ჩვენს ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ქაოსის შექმნა“, – აღნიშნა საფრანგეთის პრემიერმა.
მისივე განცხადებით, მომდევნო კვირებსა და თვეებში პოლიტიკური შეხვედრებისა და შეკრებების უსაფრთხოებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.
„არ დავუშვებთ, ქვეყანას წესები დაუწესონ და მართონ მათ, ვინც ნგრევას იწვევს, ქურდობს და ხულიგნობს“, – განაცხადა ლეკორნუმ.
პრემიერის ინფორმაციით, შაბათ-კვირის არეულობის დროს დაკავებული პირების დაახლოებით 80%-ს სისხლისსამართლებრივი ბრალდებების წარდგენა ემუქრება.
მაკრონმა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა არ მიიღო
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შინაგან საქმეთა მინისტრ ლორან ნუნიესის გადადგომის შეთავაზება უარყო.
Reuters-ის ინფორმაციით, ელისეს სასახლეში განმარტეს, რომ პრეზიდენტმა მინისტრს თანამდებობაზე დარჩენა სთხოვა, რათა პოლიციასა და უსაფრთხოების სტრუქტურებში მართვის უწყვეტობა შენარჩუნდეს.
ამასთან, მაკრონმა ნუნიესს დაავალა, რაც შეიძლება სწრაფად შეიმუშაოს ახალი მიდგომები მოროდიორობისა და ძალადობრივი ინციდენტების წინააღმდეგ.
პრეზიდენტმა აღიარა, რომ არეულობაზე ხელისუფლების რეაგირებისას გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა და უსაფრთხოების სისტემის მუშაობის გადახედვა მოითხოვა.
ლორან ნუნიესმა თავის მხრივ დაადასტურა, რომ ზოგიერთ ქალაქში პოლიციამ ვითარებაზე კონტროლი დაკარგა. მინისტრის განმარტებით, სამართალდამცველები მოვლენების ასეთი მასშტაბით გამწვავებას არ ელოდნენ.
„მე ვარ შინაგან საქმეთა მინისტრი. ცხადია, მე ვარ პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ხდება. მე უარს ვაცხადებ გადადგომაზე, რადგან მე ვარ პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ხდება“, – განაცხადა საფრანგეთის შს მინისტრმა.
ნუნიესის შეფასებით, ძალადობრივი დაპირისპირებების მთავარი მონაწილეები ვანდალები, მძარცველები და ულტრამემარცხენე აქტივისტები იყვნენ.
„ყვითელი ჟილეტები“ 24 ოქტომბრიდან პროტესტის განახლებას აანონსებენ
ხელისუფლების მიერ უსაფრთხოების ზომების გამკაცრების პარალელურად, საფრანგეთში საპროტესტო მოძრაობის ახალი ეტაპი იგეგმება.
მოძრაობა „ყვითელი ჟილეტები“ 24 ოქტომბერს მასშტაბური დემონსტრაციების განახლებას აანონსებს. ორგანიზატორების განცხადებით, პროტესტის მთავარი მიზეზი კვლავ ცხოვრების ხარჯების ზრდაა.
მოძრაობა, რომელმაც ემანუელ მაკრონის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს მრავალთვიანი საპროტესტო კამპანია გამართა, ამჯერად აქციების „მეორე აქტის“ დაწყებაზე საუბრობს.