საქართველოს მთავრობას მიერ პარლამენტში წარდგენილი სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ანგარიშის მიხედვით, საქართველო გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გარე შოკების მიუხედავად ინარჩუნებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას.

დოკუმენტის თანახმად, 2026 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ საშუალოდ 9.1% შეადგინა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2026-2031 წლებში საქართველო რეგიონსა და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის ტემპს შეინარჩუნებს –  საშუალოდ 5.1%-ის ფარგლებში.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2025 წელს დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლები სტაბილურ დონეზე დარჩა, შესაბამისად 13.9% და 46.9%.

ტურიზმის მიმართულებით დოკუმენტი მიუთითებს, რომ 2025 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა ისტორიულ მაქსიმუმს – 4.7 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო ვიზიტების რაოდენობამ 7.8 მილიონს გადააჭარბა.

2026 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 829.8 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც ზრდის ტენდენციას ასახავს, თუმცა ვიზიტების საერთო რაოდენობა მცირედით შემცირდა.

დოკუმენტის მიხედვით, 2026 წლის დასაწყისში საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება 93.72%-ს აღწევს, რაც ევროკავშირთან ჰარმონიზაციის პროცესის გაგრძელებად არის შეფასებული.

ენერგეტიკის სექტორში აღნიშნულია რამდენიმე ახალი ობიექტის დასრულება  ჰიდრო, ქარისა და მზის ელექტროსადგურები, ასევე გაზიფიცირების პროექტები, რომლებმაც ათასობით ახალი აბონენტი მოიცვა.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია მსხვილი საინვესტიციო პროექტები, მათ შორის Eagle Hills-თან გაფორმებული 6.6 მილიარდი დოლარის შეთანხმება.

გარდა ამისა, დოკუმენტი ეხება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელიც ევროკავშირის მიერ ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსით არის აღიარებული და მიზნად ისახავს ენერგეტიკული კავშირის გაძლიერებას.