„ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძე, თბილისის მერთან, კახა კალაძე, გამართული დებატების დროს უფასო სასადილოებზე, სკოლებში უფასო კვებისა და მუნიციპალური ჯარიმების საკითხებზე ისაუბრა.
კუპრაძის განცხადებით, თბილისის მერიის შესაძლებლობებში შედის სკოლებში უფასო კვების პროგრამის დანერგვა და ამის მაგალითად მან წალენჯიხა დაასახელა.
„თბილისის მერიას შეუძლია სკოლებში უფასო კვება შემოიტანოს. წალენჯიხაში, სადაც ოპოზიციამ გაიმარჯვა, შევძელით უფასო კვების პროექტის შემოტანა სკოლებში. თბილისს აქვს 2 მილიარდ 700 მილიონი ლარის ბიუჯეტი, წალენჯიხას კი 21 მილიონი. სამწუხაროდ, 21-მილიონიანმა წალენჯიხამ აჯობა კალაძეს“, – განაცხადა კუპრაძემ.
მისი თქმით, პრობლემურია უფასო სასადილოებში არსებული დაფინანსების მოცულობაც.
„უფასო სასადილოების ულუფის ღირებულება ბოლოს 2022 წელს გაიზარდა. როგორ შეიძლება 1 ლარად და 10 თეთრად მშიერი მოქალაქის გამოკვება?!“ – აღნიშნა მან.
კუპრაძემ ასევე ისაუბრა გაზრდილ ჯარიმებზე და განაცხადა, რომ 2026 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში თბილისის მერიის მიერ ჯარიმებიდან მიღებულმა თანხამ 7 მილიონ ლარს მიაღწია.