საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ელჩის სიტყვებიდან ჩანს, თითქოს „ქართველად ყოფნა არასაკმარისია“.
პაპუაშვილის შეფასებით, ფიშერის განცხადება ასახავს გერმანიის ისტორიული გამოცდილებით განპირობებულ მიდგომას, რომლის მიხედვითაც ეროვნული იდენტობა უფრო ფართო გაერთიანებაში ინტეგრირებით განიხილება.
„ბატონი პეტერის ამ ფრაზიდან ნათლად ჩანს, რომ იგი საკუთრივ ქართველად ყოფნას არასაკმარისად თვლის. საჭიროა ქართველი დამატებით მეორე იდენტობას ფლობდეს. საინტერესოა, ასე ფიქრობს თუ არა იგი გერმანელობაზეც?“ – წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, საქართველოს არც საკუთარი ისტორიის „გაქრობა“ სჭირდება და არც „ცივილიზებულ სახელმწიფოთა წრეში დასაბრუნებელი ბილეთი“, რადგან ქვეყანა საკუთარ ეროვნულ იდენტობასა და სუვერენიტეტს ეფუძნება.
პაპუაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ევროპის კავშირი დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოების თანამეგობრობაა და არა „გათქვეფილი იდენტობის კავშირი“.
განცხადება მოჰყვა პეტერ ფიშერის ინტერვიუს, სადაც მან აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეების ნაწილი ევროკავშირში გაწევრიანებას ევროპული მომავლისა და უკეთესი ალტერნატივის არჩევად აღიქვამს, რადგან არ სურს იყოს „რუსი, თურქი, ირანელი ან აზერბაიჯანელი“ და მხოლოდ სომხეთთან ერთად ყოფნა „შესაძლოა, არასაკმარისი იყოს“.