საქართველოს მთავრობას მიერ წარმოდგენილ „სამთავრობო პროგრამების შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის ინსტიტუციებმა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში შექმნილი ზედამხედველობისა და მონიტორინგის ფორმატების მუშაობა ყველა დონეზე შეაჩერეს.
დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებებს და მოგვიანებით დადასტურდა საქართველოში ევროკავშირის ელჩის 2025 წლის 5 ნოემბრის წერილით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს პროცესი აფერხებს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
ამავე ანგარიშის თანახმად, ამ ეტაპზე საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების მაჩვენებელი დაახლოებით 80%-ს შეადგენს.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკომისიის 2023 და 2024 წლების გაფართოების ანგარიშების რეკომენდაციების შესასრულებლად მიმდინარეობს უწყებათაშორისი კოორდინაცია, რომელიც მიზნად ისახავს კანონმდებლობის ეტაპობრივ ჰარმონიზაციას ევროკავშირის დირექტივებთან.
ანგარიშში საუბარია ასევე სამართლებრივი დაახლოების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაზე, სადაც ასახულია 600-ზე მეტი ვალდებულება, რომელიც ასოცირების შეთანხმებიდან და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარეობს.
დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული სისტემა მიზნად ისახავს ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პროცესის მონიტორინგისა და კოორდინაციის გაძლიერებას.