საქართველოს მთავრობას მიერ პარლამენტში წარდგენილი სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2027 წლის 1 მარტიდან ეტაპობრივად სავალდებულო გახდება ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალებების აღჭურვა ტაქოგრაფითა და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით.
დოკუმენტის თანახმად, ცვლილება მიზნად ისახავს საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას, ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას და სატრანსპორტო სფეროში კონკურენტული გარემოს გაძლიერებას.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ რეფორმა შეეხება საქალაქთაშორისო და შიდა რეგულარულ გადაყვანებს, ხოლო შესაბამისი მოთხოვნები ეტაპობრივად შევა ძალაში 2027 წლის 1 მარტიდან.
დოკუმენტის მიხედვით, პარალელურად მიმდინარეობს მგზავრთა გადაყვანის სფეროსა და ავტოსადგურების სერტიფიცირების რეფორმა, ასევე განებართვიანების პროცესი, რომელიც სატრანსპორტო მომსახურების რეგულირებასა და სტანდარტიზაციას ისახავს მიზნად.
ასევე ხაზგასმულია, რომ 2025 წლის ივნისიდან აქტიურად მიმდინარეობს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მონიტორინგი, მათ შორის კონტროლის მექანიზმების გაძლიერების მიზნით.
ანგარიშში საუბარია ტექინსპექტირების სისტემის გაფართოებაზეც, მათ შორის L კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების (მოტოციკლები, ტრიციკლები და კვადროციკლები) სავალდებულო შემოწმების მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებაზე.