სომხეთში 7 ივნისს გამართული საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საარჩევნო უბნების დახურვის დროისთვის, 20:00 საათზე, ამომრჩეველთა აქტივობამ 58.97% შეადგინა.
ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 1 476 597-მა მოქალაქემ მიიღო. ხმის მიცემის უფლება კი სულ 2 485 851 ამომრჩეველს ჰქონდა.
შედარებისთვის, 2021 წლის 20 ივნისს ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 49.41%-მა მიიღო, რაც 1 281 911 მოქალაქეს შეადგენდა.
სომხეთის პარლამენტი პროპორციული სისტემით, მხოლოდ პარტიული სიების საფუძველზე ირჩევა. ეროვნული ასამბლეის მე-9 მოწვევის ადგილებისთვის 18 პოლიტიკური ძალა იბრძოდა, მათ შორის 16 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი. პარლამენტში მოსახვედრად პარტიებისთვის საარჩევნო ბარიერი 4%-ია, ხოლო ბლოკებისთვის – 8%.
დასავლური მედიის შეფასებით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველ პარტიას – „სამოქალაქო კონტრაქტს“ -ყველაზე სერიოზულ კონკურენციას სამი ძირითადი ოპოზიციური ძალა უწევდა. მათ შორისაა „ძლიერი სომხეთის ალიანსი“, რომელსაც მხარს უჭერს რუსი-სომეხი მილიარდერი სამველ კარაპეტიანი, „სომხეთის ალიანსი“ ყოფილი პრეზიდენტის რობერტ კოჩარიანის ხელმძღვანელობით და „აყვავებული სომხეთის პარტია“, რომელსაც ბიზნესმენი გაგიკ ცარუკიანი ლიდერობს.