ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟლიანი ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ რადიკალური რეფორმები იგეგმება და პარტიის განახლების პროცესში ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი გუნდი უნდა ჩაერთოს.

როგორც ჟორჟოლიანი აცხადებს, წინადადება საინტერესოა და ამ ეტაპზე პროცესი მოლაპარაკებების სტადიაშია. მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ დამატებით დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებს.

ჟორჟოლიანი აღნიშნავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ საჭიროა რადიკალური ცვლილებები, სადაც მთავარი ძალა ახალგაზრდები უნდა გახდნენ. მისი შეფასებით, პარტიამ მეტი ნდობა უნდა გამოუცხადოს ახალ სახეებს, რათა ქვეყანაში ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი ჩამოყალიბდეს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია პოლიტიკური ყურადღება გადაიტანონ რეალურ საქმიანობაზე და არა შიდა დაპირისპირებაზე, ხოლო რეგიონებში მუშაობა და ახალი ხედვების დანერგვა პარტიის განვითარების აუცილებელი მიმართულებაა.

ჟორჟოლიანი ასევე აღნიშნავს, რომ აფასებს სააკაშვილის მზადყოფნას ცვლილებებისთვის და მის ნდობას ახალგაზრდული ხედვების მიმართ. მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები და მოსაზრებების გაცვლის პროცესი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ციხიდან გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ პარტიის მიზანია „ნაციონალური მოძრაობის“ გარდაქმნა უფრო ღია, სახალხო ორგანიზაციად და ამ პროცესში ჟორჟოლიანის გუნდს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება.