აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოამზადა და მათი გამოცხადება უახლოეს მომავალში იგეგმება. ამის შესახებ Reuters-ი საკითხთან დაკავშირებულ ორ წყაროზე დაყრდნობით წერს.

წყაროების ინფორმაციით, სანქციების პაკეტი უკვე მომზადებულია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად როდის გამოცხადდება გადაწყვეტილება. The Wall Street Journal-ის ცნობით, მისი საბოლოო დამტკიცება შესაძლოა ამ კვირაში, გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრების პარალელურად მოხდეს.

Reuters-ის ინფორმაციით, სანქციების არა მხოლოდ სასამართლოზე, არამედ მასთან თანამშრომელ სუბიექტებზეც გავრცელებამ შესაძლოა სასამართლოს საქმიანობა მნიშვნელოვნად შეაფერხოს.

თუ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი სასამართლოს წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს, ამერიკის მოქალაქეებსა და კომპანიებს სასამართლოსთვის ფინანსური სახსრების, საქონლისა და მომსახურების მიწოდება შესაბამისი ნებართვის გარეშე აეკრძალებათ. სანქციების აღსრულებას სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) უზრუნველყოფს.

Reuters-ის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციის დაპირისპირება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან ახალი არ არის. აშშ-ის ხელისუფლებამ უკვე დააწესა სანქციები სასამართლოს რამდენიმე მოსამართლესა და პროკურორზე. ვაშინგტონი სასამართლოსგან ისრაელის ლიდერების წინააღმდეგ გაცემული დაკავების ორდერების გაუქმებას და ავღანეთში ამერიკელი სამხედროების საკითხზე მიმდინარე გამოძიების შეწყვეტას მოითხოვს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2024 წელს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრ იოავ გალანტზე დაკავების ორდერები გასცა. ვაშინგტონის სანქციების კამპანიის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ეს გადაწყვეტილებები და სასამართლოს მიერ ავღანეთში ამერიკელი სამხედროების საკითხზე ჩატარებული გამოძიება სახელდება.