ევროკავშირსა და საქართველოს შორის დღეს, 11 ივნისს, ბრიუსელში სავიზო დიალოგის ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართება.

ინფორმაცია თავდაპირველად „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა. მისი განცხადებით, შეხვედრაზე ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხიც განიხილება.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელზეც განიხილება ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება“, – დაწერა იოზვიაკმა სოციალურ ქსელში.

მოგვიანებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ევროკავშირის სავიზო რეგულაციის ((EU) 2018/1806, მუხლი 8e(9)) თანახმად, შეჩერების მექანიზმის ამოქმედების პერიოდში ევროკომისია ვალდებულია შესაბამის მესამე ქვეყანასთან დიალოგი დაიწყოს.

„ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მოწვევით, 11 ივნისს, ბრიუსელში საქართველოს მხარესა და ევროკომისიას შორის დიალოგის პირველი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორის ხელმძღვანელობით,”- განაცხადეს უწყებაში.