ოკუპირებულ ყირიმში ღამით დრონებით მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც რამდენიმე ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა. ინფორმაციას უკრაინული მედია და ადგილობრივი „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ.

გავრცელებული ცნობებით, აფეთქებების ხმა ყირიმის სხვადასხვა რაიონში რამდენიმე საათის განმავლობაში ისმოდა. ერთ-ერთი ძლიერი აფეთქება ქალაქ არმიანსკში მდებარე საავტომობილო ხიდებთან დაფიქსირდა, სადაც დაზიანდა სატვირთო ავტომობილებიც.

აფეთქებები მოხდა ასევე სიმფეროპოლშიც. შეტევების შემდეგ, სევასტოპოლის რამდენიმე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

სოციალურ ქსელებში ადგილობრივი მცხოვრებლები წერენ, რომ ოკუპირებულ ყირიმში მისასვლელი სახმელეთო მარშრუტების მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანებულია და გადაადგილება გართულებულია.

ამასთან, ოკუპირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის განცხადებით, ქალაქში დღეს საწვავის გაყიდვა დროებით შეჩერებულია, რადგან ღამის განმავლობაში საწვავის გადამზიდმა ავტომობილებმა სევასტოპოლში შესვლა ვერ შეძლეს.