აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანთან დაპირისპირების ყველაზე მწვავე ეტაპი დაასრულა და მხარეებმა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს. თუმცა, თეირანი ამ შეფასებას არ იზიარებს და აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
ტრამპის თქმით, ირანთან მოლაპარაკებების მთავარი მიზანი – ქვეყნის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის თავიდან აცილება – პრაქტიკულად მიღწეულია.
„არ ვიცი, გსმენიათ თუ არა, მაგრამ ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ. დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი, რასაც ჩვენ დაჟინებით მოვითხოვდით; ეს იყო მთელი მიზანი. ეს იყო ყველაფრის 95 პროცენტი“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმების საბოლოო დოკუმენტს, შესაძლოა, რამდენიმე დღეში ევროპაში მოეწეროს ხელი. მისი შეფასებით, შეთანხმება უკვე დამტკიცებულია ყველა ძირითად მხარესთან და ამ ეტაპზე მხოლოდ საბოლოო პროცედურები რჩება დასასრულებელი.
ამ ოპტიმისტურ განცხადებებს ნაწილობრივ ადასტურებს კატარის მხარეც. კატარის ემირის, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტრამპთან სატელეფონო საუბრისას ლიდერებმა ირანსა და აშშ-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროგრესი განიხილეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მიღწეული შეთანხმებები დაინტერესებული მხარეების მიერ მხარდაჭერილია, ხოლო საბოლოო ხელმოწერისთვის მოსამზადებელი პროცედურები გრძელდება.
კატარი და პაკისტანი ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდნენ მედიაციის პროცესში და ცდილობდნენ ვაშინგტონსა და თეირანს შორის პოზიციების დაახლოებას.
თუმცა, ირანის ოფიციალური პოზიცია გაცილებით ფრთხილია. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ საბოლოო შეთანხმების შესახებ გავრცელებული ცნობები მხოლოდ სპეკულაციაა და ირანს ჯერჯერობით არანაირი საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.
მისი თქმით, მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე შეთანხმებული იყო, თუმცა პროცესს ართულებდა აშშ-ის მხრიდან პოზიციების ცვლილება.
„თავიდანვე ჩვენთვის მოლაპარაკებების სტატუსი ნათელი იყო და ტექსტის დიდი ნაწილი უკვე დასრულებული იყო. თუმცა, ამერიკელები პოზიციებს ცვლიდნენ“, — აღნიშნა ბაღაიმ.
ირანის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებით, თეირანი არ აპირებს დათმობებზე წასვლას იმ საკითხებში, რომლებიც ქვეყნისთვის „წითელ ხაზებს“ წარმოადგენს. შესაბამისად, მიუხედავად დიპლომატიური პროგრესისა, საბოლოო შეთანხმების გაფორმებამდე ჯერ კიდევ არსებობს რიგი საკითხები, რომელთა შეთანხმებაც აუცილებელია.
არსებული სურათი აჩვენებს, რომ ვაშინგტონი პროცესს უკვე დასრულებულ პოლიტიკურ წარმატებად წარმოაჩენს, მაშინ როდესაც თეირანი ცდილობს შეინარჩუნოს მოლაპარაკებითი პოზიციები და საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ჩქარობს. სწორედ ამიტომ, უახლოესი დღეები გადამწყვეტი იქნება იმის გასარკვევად, გადაიქცევა თუ არა მიმდინარე პროგრესი რეალურ შეთანხმებად, რომელიც მრავალწლიანი დაძაბულობის შემდეგ აშშ-სა და ირანს შორის ახალი ურთიერთობის საფუძველს შექმნის.