აშშ-მა ვენესუელური დაჯგუფების „ტრენ დე არაგუას“ ლიდერის ლიკვიდაცია განახორციელა, – ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ავრცელებს.
„ჩემი ბრძანებით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობამ ლეტალური კინეტიკური დარტყმით წარმატებით განახორციელა ნინიო გერეროს ლიკვიდაცია, რომელიც „ტრენ დე არაგუას“ ცნობილი ლიდერია. ეს დაჯგუფება პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ტერორისტული ორგანიზაციაა“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ტრამპის თქმით, ოპერაცია ვენესუელასთან თანამშრომლობით განხორციელდა.
„ეს ვენესუელაში ჩვენს მეგობრებთან მჭიდრო კოორდინაციით გაკეთდა, რომლებთანაც ძალიან კარგად ვმუშაობთ“, – აღნიშნა ტრამპმა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა გასულ წელს „ტრენ დე არაგუა“ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, დაჯგუფება ტრანსნაციონალურ დანაშაულებში, ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ადამიანების ტრეფიკინგშია ჩართული.