„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ პარტიის ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების იდეას თავდაპირველად არ ეთანხმებოდა, თუმცა საბოლოოდ მიხეილ სააკაშვილის პოზიცია გაიზიარა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ ალიანსში შესვლის საკითხი პარტიაში დეტალურად იყო განხილული და გადაწყვეტილება გააზრებულად იქნა მიღებული. მისი თქმით, გაერთიანებაში შესვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ მისი დემონსტრაციულად დატოვება არათანმიმდევრულ ნაბიჯად მიაჩნდა.
ბოკუჩავა ასევე საუბრობს პარტიის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და აღნიშნავს, რომ რთული პოლიტიკური გარემოს მიუხედავად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფუნქციონირების შენარჩუნება შეძლო.
„პრეზიდენტი სააკაშვილის, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილისა და თბილისის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ნადირაძის პატიმრობის, ფინანსური რესურსების სიმწირისა და პარტიის გაუქმების მუდმივი საფრთხის მიუხედავად, გადავრჩით, ვერ გაგვაუქმეს და ვერ გაგვაქრეს“, – წერს ბოკუჩავა.
მისი განცხადებით, პარტიაში არსებული უთანხმოებებისა და გამოწვევების დაძლევა მხოლოდ ღია, ინკლუზიური და დემოკრატიული შიდა დისკუსიის გზით არის შესაძლებელი, რომელშიც მონაწილეობა ყველა წევრმა უნდა მიიღოს.