საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. ომბუდსმენ ლევან იოსელიანის განცხადებით, დოკუმენტი ასახავს როგორც მიღწეულ პროგრესს, ისე იმ ძირითად გამოწვევებს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან დროულ რეაგირებას საჭიროებს.
იოსელიანის თქმით, 2025 წელს განხორციელებული ზოგიერთი საკანონმდებლო ცვლილება ქვეყანაში ადამიანის უფლებების სათანადო დაცვის პროცესს აფერხებს. ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობას, უკანონო დაკავებების შემთხვევებს, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს, საკუთრების უფლების დარღვევებსა და მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემებს.
დოკუმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი 2024-2025 წლებში გამართულ საპროტესტო აქციებს ეხება. ანგარიშში საუბარია სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, მათი გამოძიების ეფექტიანობაზე, გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობასა და საჯარო მოხელეების თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევებზე, რომლებიც შესაძლოა მათ პოლიტიკურ ან სამოქალაქო პოზიციებს უკავშირდებოდეს.
ანგარიშში ასევე ყურადღება გამახვილებულია პენიტენციური სისტემის პრობლემებზე, მათ შორის დაწესებულებების გადატვირთულობაზე, პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის შემსუბუქების მექანიზმების ხარვეზებზე. კრიტიკულად არის შეფასებული შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში არსებული პრობლემებიც, რომლებიც, ომბუდსმენის შეფასებით, წლების განმავლობაში გადაუჭრელი რჩება.
სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიში დაახლოებით 500 გვერდს მოიცავს.