პატიმრობაში მყოფი პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ციხეში მთავარ ექიმს ელენე ხოშტარიას ადვოკატები შოთა თუთბერიძე და ანი ქავთარაძე ხვდებიან. მათი განცხადებით, შეხვედრის დასრულების შემდეგ დამატებით განცხადებას გააკეთებენ.
„ელენეს მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესების გამო ახლა ციხეში შევიდნენ ადვოკატები და მთავარ ექიმს ხვდებიან“, – აცხადებენ პარტიაში.
შეგახსენებთ, ელენე ხოშტარია სასამართლომ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე დამნაშავედ ცნო და მას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ადვოკატების ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და გადაადგილებისთვის ხელჯოხის გამოყენებაც სჭირდება.