ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ლიბანში სამხედრო მოქმედებებს გააგრძელებენ. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცისა და გენერალური შტაბის უფროს ეიალ ზამირის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე განცხადებით, ისრაელი გააგრძელებს მოქმედებას ჯარისკაცებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ არსებული საფრთხეების ნეიტრალიზაციის, ტერორისტული ინფრასტრუქტურის განადგურებისა და სამხრეთ ლიბანში უსაფრთხოების ზონის შენარჩუნების მიზნით.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციით, ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრს, გენერალური შტაბის უფროსსა და ჩრდილოეთის სარდლობის მეთაურს შორის უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ისრაელის მოქალაქეებისა და თავდაცვის ძალების უსაფრთხოება ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობისთვის მთავარ და უკომპრომისო პრინციპად რჩება.