საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში შიდა დემოკრატიისა და ლიდერობის საკითხებს გამოეხმაურა. მისი თქმით, მის მიმართ გამოთქმული კრიტიკა, თითქოს გადაწყვეტილებებს ვიწრო წრეში იღებს ან მისი ხმა პარტიაში განსაკუთრებულ გავლენას ახდენს, არასწორია.
სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მისი პოზიცია მხოლოდ წინადადების სახეს ატარებს და მისი გაზიარება ან არგაზიარება პარტიის წევრების არჩევანია. მისივე თქმით, თუ მის აზრს ბევრი ადამიანი იზიარებს, ეს ლიდერობისა და მორალური ავტორიტეტის შედეგია.
მესამე პრეზიდენტმა ასევე უპასუხა მოსაზრებას, რომ ციხეში ყოფნის გამო მისი აზრი ნაკლებად მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ამ კონტექსტში მან მაგალითად მოიყვანა ნელსონ მანდელა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მრავალწლიანი პატიმრობისა, მისი აზრი პარტიისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.
„მინდოდა ყველასთვის შემეხსენებინა, თუ რა არის თამაშის წესები, ნამდვილი დემოკრატია, ლიდერობა და მორალური ავტორიტეტი“, – წერს სააკაშვილი.